ბათუმში დაშალეს სკვერი, რომელიც ბიუჯეტს, ერთი წლის წინ, 118 ათასი ლარი დაუჯდა

კომპანია “სკაილაინ ჯუგფმა”, ბათუმის მერიის თანხმობით, აბუსერიძის 23-ში მდებარე სკვერი, რომლის მოწყობისთვისაც ერთი წლის წინ ბიუჯეტიდან 118 ათასი ლარი დაიხარჯა, დაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სკვერის მიმდებარედ ოთხსართულიანი [+1 სართული დაშენებული] საცხოვრებელი სახლი მერიას ავარიული სახლების სიაში ჰქონდა შეტანილი. ამ სახლს შპს “სკაილაინ ჯგუფი” ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში დაანგრევს და ახალ, 25 სართულიან კორპუსს ააშენებს. აღნიშნული ტერიტორია დღეს მთლიანად “სკაილაინ ჯგუფის” საკუთრებაშია.

მათივე ინფორმაციით, ბათუმში, აბუსერიძის 23-ში [საფეხბურთო სტადიონის მოპირდაპირედ] არსებული მიწის ნაკვეთის [სადაც ავარიული სახლი და სკვერი მდებარეობდა] ფართობი ჯამში 1 107 კვადრატული მეტრია. აქედან სახლს დაახლოებით მიწის 422 კვ.მ ფართობი ეკავა. სახლსა და სკვერს შორის დაცილება კი დაახლოებით 12 მეტრი იყო.

გამოცემას კითხვაზე, რატომ გახდა სკვერის დაშლა აუცილებელი ბათუმის მერიამ არ უპასუხა. სად წაიღეს ატრაქციონები და ტრენაჟორები? – მერიაში „ბათუმელებს“ დღეს არც ამ შეკითხვაზე უპასუხეს.

“ჩვენ როცა ავითვისეთ ეს ადგილი, დავაკმაყოფილეთ მოსახლეობა, ზოგს ვუყიდეთ ბინა, ზოგი ქირით გავიყვანეთ და მოვამზადეთ პროექტი იმისთვის, რომ სამუშაოები დავიწყოთ. შესაბამისი დოკუმენტაცია შეტანილი გვაქვს მერიაში… მაგ ლოკაციაზე პროექტი 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ სკვერის, რომელზედაც საუბრობთ, აღების გარეშე, ფაქტობრივად, მშენებლობა არ განხორციელდებოდა. ეს სკვერი შიდა ზოლშია – იმავე საკადასტრო ერთეულში იყო, სადაც ავარიული სახლი იდგა.

სკვერში მოვახდინეთ [ატრაქციონების, ტრენაჟორების] დემონტაჟი, ახლა ველოდებით, რომ ბათუმის მერია გამოყოფს ახალ ნაკვეთს და იქ დავამონტაჟებთ”, – უთხრა გამოცემას, სატელეფონო საუბარში “სკაილაინ ჯგუფის” დირექტორმა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ აბუსერიძის 23-ში სკვერის მოწყობაზე ტენდერი მერიის სამმართველომ 2 წლის წინ გამოაცხადა. სახელშეკრულებო თანხა 128 930 ლარი იყო. საბოლოოდ კი კომპანიას შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით 118 795 ლარი გადაუხადეს.

ფოტო: “ბათუმელები”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share