პარლამენტმა საქართველოს მთავრობა დაამტკიცა – მთავრობას ნდობა 84-მა დეპუტატმა გამოუცხადა, მოწინააღმდეგე კი 10 დეპუტატი იყო. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყარა.
მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს და ის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი იქნება. გარდა ამისა, ახალ კაბინეტში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად პოსტს ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. როგორც 1 თებერვალს კობახიძემ თქვა, ბურჭულაძემ პოსტის დატოვება და პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება თავად მოისურვა.
1-ელ თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს.