Bloomberg: უკრაინა შეეცდება ფრონტის ხაზი F-16-ების მიღებამდე შეინარჩუნოს

უკრაინა შეეცდება, ფრონტის ხაზი 2024 წლის მეორე ნახევრამდე შეინარჩუნოს, სანამ F-16 გამანადგურებლებს არ მიიღებს და საბრძოლო მასალის წარმოება არ გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloombergი ავრცელებს.

“უკრაინის სტრატეგია არის შეეცადოს ფრონტის ხაზის მაქსიმალურად შენარჩუნება წლის მეორე ნახევრამდე, როდესაც მას შეეძლება F-16 გამანადგურებლების მიღება და დასავლური საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა. ეს კიევს საშუალებას მისცემს დაგეგმოს კიდევ ერთი შესაძლო კონტრშეტევა 2025 წელს.” – წერია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ რუსეთის შეტევამ შესაძლოა მნიშვნელოვანი იმპულსი მოიპოვოს ზაფხულისთვის, თუ უკრაინის მოკავშირეები არ გაზრდიან საბრძოლო მასალის მიწოდებას.

გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ თქვა უარი თავის თავდაპირველ მიზანზე, აეღო დიდი ქალაქები, მათ შორის უკრაინის დედაქალაქი კიევი და ოდესა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტი გავლენას ახდენს სიტუაციაზე ბრძოლის ველზე და აღნიშნა, რომ რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share