კრასნოდარის სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი, შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლა

კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ ზაქარია (შაქრო) კალაშოვის საპატიმროდან ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

“სასამართლომ დააკმაყოფილა კალაშოვის მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. სასამართლო სხდომა დღეს დახურულ რეჟიმში გაიმართა”. – აღნიშნულია განცხადებაში.

ზაქარია კალაშოვი, მეტსახელად შაქრო მალადოი, 2016 წელს დააკავეს. 2018 წელს კი მოსკოვის სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისში დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი დამნაშავედ ცნეს მოსკოვში მდებარე რესტორნის, Elements-ის მფლობელისთვის 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში. ამავე საქმეზე კალაშოვთან ერთად დააკავეს ანდრეი კოჩუიკოვი, იგივე იტალიელი, რომელსაც 8 და 10 თვე მიესაჯა.

შაქრო კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. საქართველო მის გადმოცემას ითხოვდა, რადგან საქართველოში კალაშოვს მკვლელობის ბრალდებით, დაუსწრებლად 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ესპანეთში პატიმრობის მოხდის შემდეგ, 2014 წელს იგი რუსეთში დაბრუნდა, სადაც ე.წ. კრიმინალური სამყაროს ლიდერი გახდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share