“არალეგალურად მცხოვრები ადამიანებისათვის დეპორტის საშიშროება არ არსებობს. ამის დასტური მივიღე ელჩებისგან, რომლებსაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი” – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ემიგრანტებს საარჩევნო საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრის დროს.
სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიასპორას აქტიურობისკენ მოუწოდა და ის პროცედურების განუმარტა, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში, საარჩევნო უბნების გახსნას სჭირდება. პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით 50 კაცი მოამზადებს დოკუმენტს და მოაწერს ხელს, დოკუმენტის დედანი უნდა მიიტანოს საკონსულოში, ან გადაუგზავნოს მას ფოსტით.
“თუმცა მე გთხოვთ, რომ ამ დოკუმენტის ასლი გაგზავნოთ ცესკოში და ასევე, ჩვენთან [პრეზიდენტის ადმინისტრაციაში] იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ საგარეოდან. ცესკო გვეუბნება, რომ თუ არ მიიღებს ინფორმაციას საგარეოდან, ვერ დაიწყებს უბნის გახსნისათვის საჭირო ღონისძიებებსა და ძალისხმევას შენობის დაქირავებისა თუ ყველა სხვა იმ ზომების შესახებ, რაც უბნის დროულად გახსნისათვისაა საჭირო. ეს ახლა უნდა მოხდეს, ახლა უნდა დაიწყოს ცესკომ ამაზე მუშაობა.
ამიტომ, თქვენ, ვინც მოწადინებული ხართ, რომ მოითხოვოთ უბნის გახსნა, უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვა, მეორე – გადააგზავნოთ დედანი საკონსულოში, (და მერე ჩვენც დაგეხმარებით იმაში, რომ საგარეოდან მივიღოთ პასუხი, რაზეც გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან ჩვენთან ბოლო შეხვედრაზე როცა ცესკო, ელჩები და არასამთავრობოები იყვნენ წარმოდგენილი, საგარეომ თავისი წარმომადგენელიც არ გამოუშვა, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ, უნდა ვიბრძოლოთ. დაბოლოს, ყოველთვის არის იმის საშუალება და კარგი ნიშანი იქნება, რომ ჩამოხვიდეთ და აქ მისცეთ ხმა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, ჯერ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად მივაღწიოთ საარჩევნო უბნები გაიხსნას.
,არალეგალურად მცხოვრები ადამიანებისათვის დეპორტის საშიშროება არ არსებობს. ამის დასტური მივიღე ელჩებისგან, რომლებსაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი.
არ არსებობს პრაქტიკა, რომ არჩევნები იდენტიფიკაციისათვის იყოს გამოყენებული, რათა შემდგომში ამ ადამიანების დეპორტი მოხდეს. ამის ბევრი მაგალითია – ბევრი სხვადასხვა ქვეყნების არჩევნები ტარდება საელჩოებში, ან სხვადასხვა უბნებში, იქ რიგებია იმ ადამიანების, რომელთა დიდი ნაწილი არალეგალები არიან და ეს, ამ ფორმით, არ არის გამოყენებული [დეპორტაციისათვის] და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.
ზოგჯერ ვრცელდება [მსგავსი ინფორმაცია] საშიშროებასა და საფრთხეზე, სწორედ იმისთვის რომ ადამიანები არ მივიდნენ და არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. ასე რომ, ესეც არის რაღაც ფორმის პროპაგანდა – ანტისაარჩევნო პროპაგანდა, რომელიც უნდა დავძლიოთ და ვიცოდეთ, რომ ეს [არჩევნებში მონაწილეობა] შეიძლება. მიდით თქვენს საელჩოებში (მიდიხართ კიდეც სხვადასხვა საჭიროებისათვის) და ეს არასოდეს ყოფილა დეპორტის მიზეზი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მოუწოდა დიასპორის წარმომადგენლებს დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მიაწოდონ ინფორმაცია მათი ინიციატივების შესახებ და ასევე სად ითხოვენ საარჩევნო უბნების გახსნას.