ლიტველმა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური ჯგუფი განაახლე ევროპის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ”ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის კანონის დაბრუნებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ სჭირდებათ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა.
“გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [ქართული ოცნების ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან არა… არ გვჭირდება მეორე უნგრეთი ევროკავშირში.” – თქვა რადიო თავისუფლების ცნობით ლიტველმა ევროპარლამენტარმა.
აქამდე აუსტრევიჩუსმა X-ზე დაწერა, რომ ქართული ოცნება “ევრაზიული ტირანიისკენ” იხრება.
არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართული ოცნება კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.
2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერკანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო – გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.