”ჩვენი სამშობლო და მისი სახელმწიფოებრიობა, თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე, უმძიმეს და ურთულეს გზას გადის. მიუხედავად ამ გზაზე არსებული სირთულეებისა და განსაცდელისა, საქართველო მაინც შეუპოვრად მიიწევს წინ!
ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე ვინმემ მარტივად და იოლად გაიარა ცივილიზაციის მოცემული ეტაპი. ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ზეგარდამო კურთხევა, ხოლო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხალხის ნებას, რის აღსრულებასაც ხალხი მიანდობს თავის რჩეულებს.
ეს რჩეულნი დღეს არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის წევრები და ქვეყნის მთავრობა, ე.ი. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე!
საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლში აღიარებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში, რითაც ასევე ხაზგასმულია ამ უმნიშვნელოვანესი უხუცესი ინსტიტუტის ისტორიული პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე.
შექმნილი მდგომარეობა, მაღალი სულიერი პასუხისმგებლობის ტვირთი და წარსულის მძიმე გამოცდილება მავალებს, რომ მოგმართოთ, როგორც ერთმა თქვენგანმა და თქვენ შორის უკანასკნელმა:
ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.
მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს.
პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენელნო, მდაბლად მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით:
თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და სრულიად საქართველოსთვის.
მჯერა, თქვენ შეძლებთ დაძლიოთ პიროვნული წყენები! მჯერა თქვენი ქრისტიანული დიდსულოვნებისა!” –
წერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.