როგორ დაეხმარა რუსებს ყარსის აღებაში ღლონტი, ღლონტს კი ჩოჩხათელი გუჯაბიძე
.
1853 წლის დეკემბერში ოსმალეთის ანატოლიის არმიის პოლკოვნიკის (კაიმაკამი) მემედ-ალი-ბეგს (იგივე შირინ-ბეგი) თავად ბებუთოვისათვის წერილობით უცნობებია ოსმალთა არმიის ნაწილების განლაგება და მათი გადაადგილების მიმართულებები, ასევე მათთან თანამშრომლობის სურვილიც გამოუთქვამს. პოლკოვნიკ ლორის-მელიქოვის პატაკის მიხედვით იგი ანდრიანოპოლში თავად შეხვედრია მემედ-ალი-ბეგს, რადგანაც სურდა გაერკვია, რამდენად სანდო იყო თავად ეს პიროვნება და მის მიერ მოწოდებული ცნობები. მელიქოვისათვის მემედ-ალი-ბეგს მოუყოლია მისი ისტორია – იგი გურული, გვარად ღლონტი ყოფილა, ბავშობაში ტრაპიზონში მის ბიძასთან წაუყვანიათ. მემედ-ალი-ბეგს შენარჩუნებული ჰქონია მშობლიური ენა და სამშობლოსადმი ძალიან თბილი დმოკიდებულება.
.
ლორეს მელიქოვი წერს, რომ ღლონტის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ყარსთან გამართულ ბრძოლაში, რადაგანც თურქები ძალიან ადვილად იჭერდნენ რუსების ჯაშუშებს, რომლებსაც სიკვდილით სჯიდნენ. ოსმალებს ეჭვი აუღიათ ღლონტზეც და გაუსამართლებიათ კიდეც, ღლონტი სიკვდილით დასჯას გადაურჩენია ასევე გურულ ვასიფ მემედ-ფაშას (გუჯაბიძე, სოფელ ჩოჩხათიდან), რომელიც ოსმალეთის იმპერიის ანატოლიის ჯარების სარდალი ყოფილა. სიკვდილს გადარჩენილ ღლონტისათვის თურქების საველე სასამართლოს მთელი ქონება ჩამოურთმევია და გალერებზე შვიდწლიანი კატორღა მიუსჯია. მაგრამ ყარსის ბლოკადის გამო გალერებზე ვეღარ გაუგზავნიათ. როგორც ლორის-მელიქოვი თავის პატაკში წერს, რუსებს ყარსის ციტადელში დატყვევებული ღლონტი 1855 წლის ნოემბერში ამავე ციტადელის აღების შემდეგ გაუთავისუფლებიათ.
.
ასევე მელიქოვი წერს, რომ 1855 წლის 17 ნოემბერს მას მემედ-ალი-ბეგ ღლონტი მთავარსარდლისათვის წარუდგენია, რომელსაც მისთვის ხარჯების ანაზღაურებისათვის 100 თუმანი გადაუცია, რის შემდეგაც ღლონტი ყარსში დარჩენილა და სამსახური რუსების არმიაში გაუგრძელებია.
.
P.S. რუსებმა ყარსი 1855 წლის ივნისში მოაქციეს ალყაში, ხოლო ამავე წლის ნოემბერში აიღეს კიდეც, როგორც ჩანს ღლონტი 1853 წლის დეკემბრიდან 1855 წლის ივნისამდე აწვდიდა ცნობებს და მისი დახმარება როგორც მელიქოვი აღნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყარსის აღება ასევე მნიშვნელოვანი იყო პოლკოვნიკ მელიქოვის (მიხეილ ტარიელის-ძე ლორის-მელიქიშვილი) კარიერაშიც, რომელიც ამის შემდეგ გენერალი (კავალერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი) გახდა და ყარსის ოლქის უფროსადაც დანიშნეს.
.
АКАК 1888. – Т. 11 – Рапорт начальника Карсской области, полк. Лорис-Меликова, командующему Действующим Корпусом на Кавказско-Турецкой границе, ген.-л. Бриммеру, от 22-го декабря 1855 года, N205
ყარსი და მისი ციტადელი 1877 წლის ილუსტრაცია
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა