ძმები გოგიტიძეები
.
1819-1820 წლების იმერეთი-გურიის საეკლესიო აჯანყების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი იყო შემოქმედში პუზირევსკის მკვლელობა, რასაც შემდეგში შემოქმედის ციხის აღება და მისი აფეთქება მოყვა, ისევე როგორც გურიის სხვა ციხესიმაგრეების აფეთქება და ნახევარი გურიის გადაწვა. შემოქმედის გულანში ეს ამბავი ასეა გადმოცემული – 1820 „წელს გენათელი და ქუთათელი რუსეთშიდ წაიყვანეს და შემოქმედს კუზურენცსკის მოკლეს და შემოქმედის ციხე მოსტეხეს და შემოქმედი მოსწვეს.“
.
1820 წელს შემოქმედის ციხის აღებას ეკლესიის სამრეკლოს დანგრევა მოყოლია, კერძოდ მისი ზედა ნაწილი ზარბაზნის ჭურვებით დაუნგრევიათ. დანგრეული სამრეკლოთია შემოქმედის მონასტერი 1832 წელს გურიაში ჩამოსული დიუბუას ილუსტრციაზე, ხოლო ჯონ ტელფერის 1876 წელს გამოცემულ ილუსტრაციაზე კი სამრეკვლო აღდგენილია, სწორედ ამ წლების შუალედში უნდა იყოს სამრეკლო აღდგენილი.
.
შემოქმედის მკვიდრის ბატონ ვახტანგ მამეიშვილის ცნობით შემოქმედის მონასტრის სამრეკლო ძმებ გოგიტიძეებს აღუდგენიათ, რომლებსაც ეკლესიების მშენებლობა საბერძნეთში შეუსწავლიათ – „სამრეკლოს რუსებმა ქვემოდან ზარბაზნის ჭურვით დაანგრიეს როცა გურულები გამაგრებული იყვნენ ტაძარის მაღალ გალავანში, დღეს გალავანი უფრო დაბალია, სამრეკლოს ჭურვი ზემოთ მოხვდა და დაანგრია. ამის შემდეგ სამრეკლო ბერძნულ სტილში აღადგინეს ძმებმა გოგიტიძეებმა, რომლებმაც ეკლესიების მშენებლობა შეისწავლეს საბერძნეთში. ძმები ბავშვობაში მოიტაცეს თურქებმა და საბერძნეთში გაყიდეს, იქ იზრდებოდნენ და ქვის დამუშავებაზე მუშაობდნენ. შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში და აშენებდნენ ეკლესიებს ოზურგეთის მაზრის სოფლებში. დუაბზუს, მაკვანეთის, მელექედურის და ჭალის ეკლესიები მათი აშენებული ყოფილა და არა ბერძნების, ჭალის ეკლესია კი გოგიტიძეების მიწაზეა აშენებული.“ (ვ. მ.)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა