29 აპრილს პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილმა ინდოეთის პირველი პრემიერმინისტრის, ჯავაჰარლალ ნერუს ციტირება გადაწყვიტა, თუმცა სიტყვები, რომლებიც ინდოელ ლიდერს მიაწერა, შეიძლება მას სულაც არ ეკუთვნოდეს.
“მინდა გავიხსენო ინდოელი ლიდერის, ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები მცირე ადაპტირებით: “არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდო-ელიტა”.” – თქვა ივანიშვილმა გასულ დღეს გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერ აქციაზე, რომლისთვისაც რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩამოიყვანეს.
თუ ამ ფრაზას ინგლისურად მოძებნით, ვერაფერს აღმოაჩენთ, თუმცა შეგხვდებათ რამდენიმე საინტერესო სტატია, თუ სიტყვებს საძიებო სისტემაში რუსულად შეიყვანთ.
ერთ-ერთი პირველი, რასაც ძებნის დროს ნახავთ, არის სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ მსგავსი სიტყვები ინდოეთის პრემიერმინისტრს არ უთქვამს. როგორც ჩანს, ეს ციტატა რუსულენოვან ინტერნეტსივრცეში 2000-იან წლებში გავრცელდა. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე ეს გავრცელებული სიტყვებიც კი შეცვლილი სახით თქვა.
ციტატა, რომელსაც ნერუს მიაწერენ და რუსულენოვან ვებგვერდებზე შეხვდებით, შემდეგნაირად ითარგმნება: “კოლონიზატორების მიერ გაზრდილი ინტელიგენცია საკუთარი ერის მთავარი მტერია”. ივანიშვილმა “ინტელიგენცია” “ფსევდოელიტით”, “კოლონიზატორები” კი “უცხო ქვეყნით” შეცვალა.
2023 წლის 21 აპრილს Коммерсантъ-ი წერდა, რომ ამ ციტატამ რუსეთში დიდი პოპულარობა მოიპოვა პოლიტიკასთან დაახლოებულ რიტორიკაში და Живой Журнал-ის აფორიზმთა ნუსხაშიც შევიდა. აქვე ხაზგასმული იყო, რომ ზოგჯერ სიტყვა “ინტელიგენციას” “ელიტით” ანაცვლებდნენ (ივანიშვილმა ფრაზაში სიტყვა “ფსევდოელიტა” გამოიყენა). Коммерсантъ-ი ასევე წერდა, რომ ზოგჯერ ამ ფრაზას მაჰათმა განდისაც კი მიაწერენ. თუმცა ხაზგასმული იყო, რომ ამ სიტყვების რუსულად ან ინგლისურად ძებნა შესაბამის გამოცემებში, რომლებიც ნერუსა და განდის ეხება, არაფრამდე მიგვიყვანს.
ამას გარდა, 2021 წლის 19 აპრილს რუსული ფაქტჩექერი, საერთაშორისო ფაქტჩექერების გაერთიანება International Fact-Checking Network-ის წევრი Проверено.Медиа მასალას ამავე სიტყვებზე ავრცელებდა. 2023 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებული მასალა სწორედ Коммерсантъ-ისა და Проверено.Медиа-ს ერთობლივი ნამუშევარი იყო.
რუსული ფაქტჩექერი წერდა, რომ 2020 წელს ვითომდა ნერუს სიტყვები საკუთარ გადაცემაში ახსენა მთავრობის მხარდამჭერმა რეჟისორმა, ნიკიტა მიხალკოვმა, რასაც შემდეგში ულტრანაციონალისტურმა, ცარისტულმა მედია ცარგრადმა ამ სიტყვებს მთელი სტატიაც მიუძღვნა.
ამას გარდა, Проверено.Медиа ციტატის გამოყენების სხვა ფაქტებსაც ახსენებდა და ხაზს უსვამდა, რომ ამ ფრაზას საკუთარ ნაშრომში – “ანირაყაი და ჯუნღარია” – ციტირებდა კალიბეკ დანიაროვი, რომელიც ყაზახეთის ისტორიის რამდენიმე წიგნის ავტორია. მას გარდა ეს ფრაზა უკრაინაში თაგორის ცენტრის დამფუძნებელ, ისტორიკოს მრიდულა გოშთან ინტერვიუში გაზეთი День-ის ჟურნალისტმაც ახსენა.
Проверено.Медиа აღნიშნავდა, რომ ციტატას “უცხოეთის მიერ გაზრდილი ინტელიგენციის” შესახებ ინგლისურად ვერ იპოვიდით.
როგორც Проверено.Медиа წერდა, ინტერნეტში ამ ციტატის ერთ-ერთი ყველაზე ძველი გამოყენების ნახვა სწორედ Живой Журнал-ის აფორიზმებში შეიძლებოდა და აქ ის 2009 წლის 6 მაისს აიტვირთა. უფრო ადრინდელია ნერუსთვის მიწერილი სიტყვების გამოყენება ზემოხსენებული ყაზახი ავტორის ნაშრომში, რომელიც 2002 წელს გამოიცა.
რუსულმა ფაქტჩექერმა ფრაზის ყველაზე ადრინდელი გამოყენება 1996 წლის გაზეთში აღმოაჩინა. უკრაინულ გაზეთ Зеркало недели-ის 1996 წლის 23 თებერვლით დათარიღებულ ნომერში ეწერა: “ჯ. ნერუს ფიგურალური გამოთქმის მიხედვით, ყოველი კოლონიზატორი ზრუნავს იმაზე, რომ თავის მიერ გაზრდილი ინტელიგენცია მთელი ერის მტერი გახდეს”. ეს პერიფრაზი კი შინაარსობრივად განსხვავდება იმ ციტატისგან, რომელსაც ჯავაჰარლალ ნერუს მიაწერენ.
Проверено.Медиа ვარაუდობდა, რომ ნერუსთვის, ზოგჯერ კი მაჰათმა განდისთვის მიწერილი ციტატა პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იან წლებში გაჩნდა.