”ემოციური და ინტელექტუალური პროტესტი” – ასე აფასებს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების ციკლს. რორც ნიკა გვარამია “საჯარო პოლიტიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს პრემიერი კობახიძე, “ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მივა ხელისუფლების შეცვლამდე”.
რაც შეეხება აქციას, ნიკა გვარამიას თქმით, ის რაც რუსთაველზე ხდება, პოლიტიკური პროცესია, თუმცა არავითარ შემთხვევაში პარტიული.
ამასთან, მისი თქმით, პარტიული, პოლიტიკური კლასი ძალიან კორექტულად და სწორად იქცევა. “პროცესების მითვისების მაგალითი მე არ მახსენდება”– თქვა გვარამიამ.
“შევხედოთ იმას რაც რეალობაში ხდება, ეს არის პოლიტიკური პროცესი, თუმცა არ არის პარტიული პროტესტი. ამ პოლიტიკურ პროცესს ჰყავს ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი – ეს არის ქართველი ხალხი. მეც ვარ ამ პროტესტის ნაწილი, მაგრამ არა როგორც პარტიის თანათავმჯდომარე, ან პოლიტიკოსი, მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ამ პროტესტის ნაწილი. ვდგავარ იქ სულ და ვდგავარ ხალხში”- თქვა გვარამიამ.
მისი თქმით, დედაქალაქში მიმდინარე პროტესტს თვითორგანიზების ძალიან დიდი უნარი აქვს. “ხალხი მიდის და პროტესტს გამოთქვამს, იცის რასაც აკეთებს”.