“მთავარი არხის” ინფორმაციით, ის დეპუტატები, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას სადეპუტატო მანდატს უთავსებენ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და გარანტიები მოითხოვეს, რათა რუსული კანონის მიღებით მათი ბიზნესი არ დაზარალდეს.
ჩვენი ინფორმაციით, სანქციებით შეშინებულ მილიონერ დეპუტატებს ოლიგარქმა უთხრა, რომცოტა ხნით, იანვრამდე მოუწევთ გაჭირვება, შემდგომ კი კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
“მთავარი” დღეს პარლამენტში ცდილობდა მილიონერ დეპუტატებთან კითხვების დასმას, თუმცა ისინი უარყოფენ ივანიშვილთან შეხვედრას. “ოცნების” დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ გვითხრა მხოლოდ ის, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ვეტოს დაძლევას დაუჭერს თუ არა მხარს.
“-[ჟურნალისტი: დაუჭერთ თუ არა ვეტოს დაძლევას ხმას?]
-გოცირიძე: არ ვიცი, შევალ ეხლა და.
– [ჟურნალისტი: ბიძინა ივანიშვილთან თქვენც გქონდათ შეხვედრა?
-გოცირიძე:მე არა, არავისთან არ მქონია…არ ვიცი…არ ვიცი ვითვლები [მილიონერი დეპუტატების] კატეგორიაში? არა მგონია.
-[ჟურნალისტი: ბიძინა ივანიშვილისგან რამე გარანტიები მიიღეთ?
გოცირიძე:საერთოდ არ მქონია არავისთან ურთიერთობა.”
ბეჟან წაქაძე კი გვეუბნება, რომ ვეტოს დაძლევას მისი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ისიც აღნიშნავს რომ ოლიგარქთან შეხვედრაზე არ ყოფილა. წაქაძე ასევე ამტკიცებს, რომ სუვერენიტეტს დასავლეთი გვართმევს და არა რუსეთი.
“არა, არ ვყოფილვარ. მე პოლიტიკაში ვარ ეხლა და ბიზნესში არა ვარ…რა [პრობლემაც] არ უნდა შემექმნეს საქმე არის ასე – ან უნდა იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ან რაღაც კიდე ფოჩიანი კანფეტები.
[ჟურნალისტი: ვინ გვართმევს ამ სუვერენიტეტს? რუსეთი არ გვართმევს?]
რუსეთი რატომ გვართმევს, სად ერევა რუსეთი? გვართმევს ის ადამიანი, რომელიც ერევა ჩვენს საქმეში და ვინ ერევა ხედავთ. ბიზნესმენი იქნება თუ დეპუტატი, მის საქმიანობაზე როგორც აისახება, ეს არის მეორეხარისხოვანი. [რუსული კანონი] ქვეყანაზე აისახება დადებითად…რა ვექტორის ცვლილება?
[სუვერენიტეტის წართმევას] ცდილობს ყველა ის ადამიანი დასავლეთიდან, რომელიც აკრიტიკებს ამას…როდის იყო ეს შეხვედრა? დასავლეთში ვიყავი მთელი ეს პერიოდი. მოწვევა არ მქონია,” – ამბობს წაქაძე.