24 მაისს თბილისში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით “საქართველოს დაბრუნება რუსეთის იმპერიაში – ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ”. კონფერენციის ორგანიზატორი ევრაზიის ინსტიტუტი და მისი ლიდერი, გულბაათ რცხილაძეა. ინფორმაცია ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ისტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. როგორც ირკვევა, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის იმპერიასთან შეერთებით საქართველომ “გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე იმპერიამ”.
ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული რეზოლუცია რუსოფობიაზე, რომელიც ეხმიანებოდა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს. კანონის მხარდამჭერი არგუმენტები, რომლებიც პროკრემლისტურმა ორგანიზაციამ კონფერენციაზე გააჟღერა, დიდწილად თანხვედრაშია მმართველი პარტიის არგუმენტებთან.
“თუ განვიხილავთ “გამჭვირვალობის კანონს”, არა მხოლოდ როგორც საკანონმდებლო აუცილებლობას, არამედ როგორც პოლიტიკური ტესტის გარკვეულ ფორმას, ნათელი ხდება დასავლეთის უპატივცემულობა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი სურვილის შესახებ, სრულად დაიქვემდებაროს საქართველო. ეს დასავლეთის გარკვეული წრეების დამოკიდებულება, რაღაც “გლობალური ომის პარტია” კი არა, არამედ გლობალისტური დასავლეთის მმართველი ელიტის კონსოლიდირებული პოზიციაა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გლობალისტურ დასავლეთს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად სჭირდება. საქართველო გეოპოლიტიკური თამაშის პაიკია” – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც კონფერენციაზე გულბაათ რცხილაძემ წაიკითხა.
რეზოლუცია ხელისუფლებას “რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ღიად და დაუფარავად აღდგენისკენ” მოუწოდებს.
“მოდით, შევეშვათ ირაციონალურ რუსოფობიას და გავერთიანდეთ ჩვენი ტრადიციული ღირებულებების საფუძველზე, რომელიც გამორიცხავს ეროვნებათაშორის შუღლს. ეს არ არის პირველი მოწოდება, თუმცა არის საბოლოო. მეტი დრო აღარ დარჩა!” – აღნიშნულია დოკუმენტში.
გულბაათ რცხილაძესთან ერთად, კონფერენციაზე სიტყვით ორგანიზაციის გამგეობის წევრი, გოგი გონგაძეც გამოვიდა.
“მე ვმსახურობდი ჯარში, როცა ჩვენი არმია პრაღაში შევიდა, ვმონაწილეობდი ტელეცენტრის აღებაში. მე ეს არასდროს მინანია, პირიქით, ვამაყობ, რადგან საბჭოთა არმიაში, როგორც ქართველმა, კარგად ვიგრძენი თავი, ყველა არაჩვეულებრივად მექცეოდა, განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩეოდნენ ქართველების მიმართ” – თქვა გონგაძემ.