“სურს თუ არა მას, რომ შეუერთდეს “ომის პარტიას”, რომელსაც ასე ლანძღავდა? – კრამონი კობახიძის ბერლინში ვიზიტზე

სურს თუ არა მას, რომ შეუერთდეს “ომის პარტიას”, რომელსაც ასე ლანძღავდა? რა მოხდა?” – ასე ეხმაურება ვიოლა ფონ კრამონი გამჭვირვალობის კანონის ხელმომწერი პრემიერის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას უკრაინის აღდგენის კონფერენციაში.

ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ “X”-ზე გერმანელი ჟურნალისტის განცხადებას აზიარებს, რომელიც წერს, რომ: “საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ბერლინში უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციაში მონაწილეობს. აქამდე საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდაჭერით ძალიან თავშეკავებული იყო. როგორც ჩანს, ის კვლავ ეძებს საერთაშორისო კავშირებს“.

გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი – მსოფლიო ლიდერები უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობენ და დაგეგმილია მათი სიტყვით გამოსვლა.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დაესწრებიან ორდღიან კონფერენციას, რომელიც ბერლინში 11-12 ივნისს გაიმართება. სიტყვით გამოვა უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს. როგორც ილია დარჩიაშვილი ამბობს, ბერლინში, სადაც “უკრაინის აღდგენის კონფერენცია” გაიმართება, მრგვალი მაგიდის ფორმატში პრემიერი სიტყვით გამოვა და ექნება ცალკე განცხადებაც. ირაკლი კობახიძესთან ერთად კონფერენციას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც დაესწრება.

ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

უცნობია, ექნება თუ არა კომუნიკაცია პრემიერს ისეთ ლიდერებთან, როგორიცაა დევიდ კამერონი და ოლაფ შოლცი. ორივე ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის დამტკიცების გამო ღიად აკრიტიკებს.

პრემიერის შოლცთან შეხვედრას სკანდალი მოჰყვა – შოლცთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული, სადაც ამტკიცებს, რომ კანცლერს რუსული კანონის საწინააღმდეგო არგუმენტი არ აქვს. ამის შემდეგ პრემიერ კობახიძეს კანცლერის განცხადება როგორ ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე უთარგმნეს და საჯაროდ გამოაქვეყნეს.

გერმანიის კანცლერის გარდა, მკაცრი შეფასება მოჰყვა რუსულ კანონს დიდი ბრიტანეთის მხრიდანაც.

რუსული კანონის გამო საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share