“არ ვთვლი, რომ ფულს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა, გუნდში ამაზე არავინ არ ფიქრობს” – ასე ეხმაურება ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ფონდი “ქართუს” მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 ათასი მილიონი ლარის გადაცემას.
ქართველი სპორტსმენის თქმით, ფეხბურთელები არა ფულისთვის, არამედ ქვეყნისთვის და გულშემატკივრების გახარებისთვის თამაშობენ.
”არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში, ფულს რაიმე მნიშვნელობა აქვს. გუნდში ამაზე არავინ ფიქრობს. ცხადია, ეს კარგი ჟესტია, თუმცა, ჩვენ არა ფულისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი შედეგები გვაქვს. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს იგივე აზრი აქვს…
მარცხნივ ნამდვილად არ არის ჩემი პოზიცია. ჩემი გაბარიტებიდან გამომდინარე, ბევრს ალბათ წარმოუდგენლადაც ეჩვენებოდა, როგორ შეიძლებოდა ფლანგზე მეთამაშა, თუმცა, სწორი მომზადებითა და მიდგომით ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს. მითუმეტეს, როდესაც ნაკრებს სჭირდები, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე ითამაშებ. რა თქმა უნდა, გამიმართლა, რომ სისწრაფითაც გამოვირჩევი და ამდენად ფლანგზე პრობლემა არ შემქმნია. ისე, შუაში უფრო მომწონს და ვფიქრობ, საკლუბო დონეზე მარცხენა მცველად თამაში არ დამჭირდება. სხვა საქმეა, რომ პროფესიონალი ვარ და სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, გუნდს იქ დავეხმარები, როგორც ნაკრებში, ისე – კლუბში”. – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედ ფინალში გადავიდოდა, ფონდი “ქართუ” მათ 30 ათას მილიონ ლარს გადასცემდა.