იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც არცერთი წევრი ხელფასს ოფიციალურად არ იღებს – რამდენი ასეთი ოჯახია ქვეყანაში

საქსტატის ცნობით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2% (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.

როგორც სტატისტიკოსი და ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ საუბრობს, ამ ამბავში რამდენიმე მომენტია მნიშვნელოვანი.

„სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვენდოთ მსგავსად დათვლილ სტატისტიკებს. მაგრამ რამდენიმე მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი: საშუალო ხელფასი დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, საავადმყოფოში პაციენტთა საშუალო ტემპერატურა რომ მოვითხოვოთ, საჭიროა მისი გაშლა. არის ასეთი მცნება – მედიანური ხელფასი, რომელიც ორ თანაბარ ნაწილად ყოფს ხელფასის მიმღებთა კატეგორიას, რომელთაგან ერთ ნახევარს აქვს მედიანურ ხელფასზე ნაკლები და მეორე ნახევარს – მეტი,“ – აცხადებს სტატისტიკოსი.

მისი თქმით, საქართველოში იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც არცერთი წევრი ხელფასს ოფიციალურად არ იღებს.

„საქართველოში ხელფასს იღებს 950 ათასზე მეტი მოქალაქე. დააახლოებით ნახევარს აქვს ხელფასი 1300 ლარზე ნაკლები და ნახევარს – მეტი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს საშემოსავლო 20%, ამას გარდა, საქართველოში გვაქვს 1.125 მლნ შინამეურნეობა, ყოველ 100 შინამეურნეობაზე მოდის 85 ადამიანი, რომელიც იღებს ხელფასს. ანუ იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც არცერთი წევრი ხელფასს ოფიციალურად არ იღებს. ასეთი ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 40%-ია. ეს კატეგორია არის თვითდასაქმებული და საკუთარი რისკის, შრომის, ენერგიის, ფინანსების ხარჯზე ახდენს თვითრეალიზაციას,“ – აცხადებს სოსო არჩვაძე.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share