პოლიექტოს კარბელაშვილი გურიის წარსულთან დაკავშირებით
.
„ეს ქვეყანა ძველთაგანვე იწოდებოდა ლაზისტანად, სავსე ძველის ნაშთებით, რომელბზედაც როგორც გადაშლილ წიგნში, იკითხება მოთხრობა ერისა და მისის ძველი განათლებისა. აქ ნანგრევნი ძველის რომის იმპერატორთა ციხე-სიმაგრეებისა აღირევიან ძველს ნაქალაქევებთან, მათს შორის საქრისტიანო ნაშთებთან – ეკკლესიებთან. ბერძენნი, რომაელნი, ვენეტიკელნი, ებრაელნი და სპარსნი, ქრისტეანენი, მაჰმადიანნი, ცეცხლის თაყვანის მცემელნი რიგ-რიგობით ჰფლობდნენ ამ აყვავებულს მდიდარს ქვეყანასა, რომლიც შექმნილი იყო ასპარეზად შფოთთა და ბრძოლათა. ხალხი ჰქრებოდნენ აქ ერთი-მეორის შემდეგ თავის მდიდარის აყვავებული ახლშენებით და თავის მემკვიდრე ხალხს უტოვედნენ თავის არსებობის მცირეოდენ კვალსა.
.
ძნელია ჭეშმარიტებით თქმა, რა დამოკიდებულება ჰქონდა ძველად მთელს ამ სამთავროს საქართველოს მეფეებთან. ბატონ-ყმური მორჩლება საქართველოს მეფეთა ყველა ქვეყნებისა, რომელნიც შეადგენდნენ ძირითადს სამკვიდროს ქართველის ერისას, რომელსაც-კი მოატანა ისტორიამ, – ნებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ გურიაც შეადგენდა მოხარკე სამფლობელოს საქართველოჲსას, თუმცა დაიცვა-კი თავისი შთამომავლობითი განსაკუთრებული ხასიათი.
.
ნელ-ნელა აღორძინებული ძლიერება ქართველთ მეფეთა ხანდახან მოუყრიდა ხოლმე ერთად თავსა მრთელს ქართველი ერის მოდგმასა, ერთს სკიპტრასა ქვეშ, მაგრამ ვერ განამტკიცებდა ხოლმე საზოგადო საეროვნებო გრძნობასა. ნამდვილად ვიცით, მაინც, რომ ბაგრატ I მეფემდე, IX საუკუნეში, გურია ეკუთვნოდა ბერძნებსა; მაგრამ ვიზანტიის იმპერატორებს თავის ძლიერების დასუსტებისათანავე ნელნელა ხელი უნდა აეღოთ შორეულ ზღვის პირა მდებარე ქვეყნებზედ, ხოლო ქართველთ მეფენი სარგებლობდნენ ამით, იპყრობდნენ გურიასა და ჰბატონობდნენ ერთავთა შემწეობით;
.
გურიის ერსთავნი ძველნი არიან ყველა ერისთავებზე. შემდეგ უბედურის საქართველოს განყოფისა ალექსანდრე I შვილთა შორის წარმოსდგა წოდება გურიის ათაბაგისა. მაგრამ XV საუკუნის გასულს გურიის მმართველთა ეწოდებოდა მფლობელ მთავრები – ზედ დამატებით, გურიელნი.
.
ამის შემდეგ გურია შეიქმნა თურქთა საყმოდ, – და გურიელს დღემდე სულით სძაგს იგინი. მეომარი და ზვავი გურიელი არ უთმობს მას თავის დამდაბლებასა, არ უთმობს იმ დამონებასა რომელიც მათ მიაყენეს მათს სამშობლოს წარსულ თავდასხმათა ჟამებში, შეახებდნენ რა წამბილწავ ხელსა მთავართა საფლავებს, მისს საწყალ ქოხს, ცოლს და შვილებს, არ ინდობდნენ და შეურაცხყოფდნენ რა თვით წმიდა-წმიდათას – ეკკლესიებსაც-კი, მაგრამ ეგ დროც წავიდა თავის საშინელებითა.“
.
– ფრაგმენტი პ. ცხვილოელის (პოლიექტოს კარბელაშვილი) – „საეკკლესიო აჯანყება იმერეთსა და გურიაში“ (1893 წელი);
– გურული კავალერია – ილუსტრაცია 1877 წლის ფრანგულ ჟურნალ ლე მონდიდან (Cavaalerie ireguliere du guriel- Le monde illustré : journal hebdomadaire. 21,1. 1877 ## 19.05.1877)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა