თეთროსანი – ღვთისმშობლის ხატი და თეთროსნის დავითნი

გურიის ხინოს ეპარქიის უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრი გახლდათ სოფელ გვარაში (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) არსებული თეთროსანი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. თეთროსნის ღვთისმშობლის ხატი თავდგირიძეების იმ ნაწილმა (გიორგი თავდგირიძე და მისი შვილები – მამუკა, როსტომი და მაქსიმე) რომლებმაც უარი თქვეს ისლამის მიღებაზე გადმოიტანეს სოფელ აკეთში სადაც აღადგინეს მაცხოვრის ეკელესია და თეთროსნის ღვთისმშობლის ხატი ამავე ეკლესიას შესწირეს. ამის შემდეგ ქვემო გურიის მოსახლეობა ხშირად გადმოდიოდა გურიის ქრისტიანულ ნაწილში თეთროსნის ხატის მოსალოცად.
.
ასევე ცნობილია თეთროსნის დავითნი (დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში), რომელიც გადაწერილია თეთროსნის კალიგრაფის გერმანოზის მიერ, დავითნის 262-ე გვერდზე არსებულ ანდერძში მითითებულია: „იესუ ქრისტე, შეუფეო დიდებისაო, შეიწყალე ცოდვილი ამისი მწერალი თეთროსნის წინამძღვარი გერმანოზ…“ და სხვ…. ამავე ანდერძში მოხსენებული არიან ამ წიგნის შესრულების მოთავენი, რომელთაც „ინებეს“, გადააწერინეს და შეამკობინეს იგი – „დედოფალი ათაბაგის ქალი ბატონი თამარ და ძე მისი გურიელი ბატონი ქაიხოსრო“.
.
თეთროსნის დავითნში მოხსენებული პირები არიან გურიის მთავრის ვახტანგ I-ის (1582-1587) მეუღლე და შვილი, შესაბამისად ვინაიდან ვახტანგ გურიელის მეუღლე დედოფლადაა მოხსნიებული დავითნის გადაწრაც დათარიღებულია ამავე 1582-1587 წლებით.
.
თეთროსნის დავითნი ასევე შეიცავს 55 მინიატურას, რომელიც კალიგრაფის მიერ შესრულებული არ არის და წიგნში ჩაკრულია. წიგნის ზომა გარხლავთ 23X17,5 სმ. მასალა: ქაღალდი, შესრულებულია ნუსხურით, შავი მელნით, ერთ სვეტად. ბევრია სინგურით ნაწერი სტრიქონი და საზედაო ასო;
.
თეთროსანთან დაკავშირებით ცნობებს შეიცავდა ბასილეთის ეკლესიის დიდი ჟამნ გულანის ქორონიკონის ჩანაწერი, რომელიც დიმიტრი ბაქარაძის აზრით შეეხებოდა 1726 წელს მომხდარ ფაქტს – „ხალი-ფაშა გამოაზახა ხვანთქარმან „ზ (7) ათასი კაცი:. ციხები დაგვიტეხა. ბათომი მაშინ წაგვერთვა:. ბაქრაძის აღნიშნავს – „მინაწერის ხალი-ფაშა, ჩვენი აზრით, ან ისაკ-ფაშის ძე უნდა იყოს, ან იუსუფ-ფაშა“.
.
„გზაში მაჩვენეს რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია, სახელდობრ სამებაში, ვარჯანულში, ხუცისუბანსა და გვარაში. გვარას ტაძარი ცნობილია თეთროსანის სახელით და განსაკუთრებით განთქმულია ჩურუქსუსა და მთელ გურიაში. იგი, ერთი მინაწერის მიხედვით, რომელიც გურიაში ვიპოვე, წაართვეს გურიას ბეჟან დადიანის გარდაცვალების წელს და მისი ღვთისმშობლის მდიდრული ხატი ამჟამად ინახება მაცხოვარში (აკეთში), რომელიც გურული თავდგირიძეების საძვალეა.“ (ბაქარაძე).
.
– დიმიტრი ბაქრაძე – არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში (1873)
– ვატნაგ ბერიძე – ძველი ქართველი ოსტატები : ხუროთმოძღვრები, მხატვრები, ოქრომჭედლები და კალიგრაფისტები (1967)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share