ცნობები გურიელების არქივიდან – მურღულელების გმირობა და მათი ბატონყმობიდან განთავისუფლება

გურიის სამთავროს დოკუმენტებიდან დღეს ფაქტიურად არაფერი არღარ არსებობს, რისი მიზეზი პირველ რიგში გახლავთ ქვემო გურიის ოსმალების მიერ დაპყრობა, რის შედეგადაც განადგურდა სამთავროს როგორც საეკლესიო ისე საერო დოკუმენტების დიდი ნაწილი. ხოლო არქივის მეორე ნაწილი 1828 წელს გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსებმა ოზურგეთის მაზრის საარქივო საამრთველოს გადასცა.
.
ზაქარია ჭიჭინაძის წერს (თავდგირიძეთა გვარის ღალატი 1895 წელი) – „ეს მასალები მე მოვიპოვე ოზურგეთის სამაზრო სამართველოს ძველს არხივის ქაღალდებში, რომელ არხივის 120 ფუთი ქაღალდები ოზურგეთის ვაჭრებზე იქმნა დაყიდული. მე აქა იქ მეწვრიმლის დუქნებში შევკრიბე ესენი და „წერა-კითხვის სამართველოს“ გარდავეცი. გურიამ ამით დიდი ძალი მასალები დაკარგა და ნამეტურ გლეხკაცობამ თავის წინაპართა თავგადასავალთა მრავალ ძვირფასი ცნობები.“
.
გურიელების არქივიდან შეძენილი დოკუმენტების ნაწილის ზაქარია ჭიჭნაძემ გამოაქვეყნა 1927 წელს, გამოქვეყნებული მასალიდან გთავაზობთ ერთერთს:
.
„1517 წ. კახაბერში შემოიპარნენ ოსმალნი. მათ იქ დახვდათ ათაბაგი ყვარყვარე. იქვე იყო მაშინ კახაბერ გურიელი გურულებით. ოსმალებთან ომი მოხდა. ამ ომში მთავარ სარდლათ კახაბერ გურიელი იყო, ხნიერი კაცი. კახაბრის მხნეობით გაიმარჯვეს ქართველებმა. ამ ომში ყველაზედ დიდათ თავი ასახელეს გურულებმა, მურღულელებმა, აჭარლებმა და სხვებმაც. ბათუმიდამ ოსმალნი დიდის დამარცხებით და ზარალით გააძიეს. 1518 წ. ყვარყვარე ათაბაგმა მურღულელები მთლად გაანთავისუფლეს ბატონყმობიდან და მით მურღულში თავად-აზნაურობა მოიშალა. მურღულის ადგილები მთლად ხალხის საკუთრება გახდა.“
.
ჭიჭნაძის მიხედვით მურღულელები ამ პრივილეგიით სარგებლობდნენ ისლამის მიღებამდე. მურღული დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა და მისი დასახელება გახლავთ მურგული (ქალაქი და რაიონი თურქეთის ართვინის პროვინციაში).
.
მურღულელებზე კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაციაა გამოქვეყნებული გაზეთ ერთობის 1920 წლის 23 მარტის N66 ნომერში, რომლის მიხედვითაც მურღულელები საქართველოს მთავრობისაგან მურღულში ქართული ჯარის შეყვანას ითხოვდნენ:
.
“მურღულის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენლები შევიკრიბენით და ერთხმათ დავადგინეთ:
.
1. მურღულში და საერთოთ ჭოროხის ხეობაში საჭიროა დაწესდეს შეურყეველი და წესიერი სახელმწიფოებრივი ცხოვრება.
.
2. მიუხედავათ იმისა, რომ მცხოვრებლებმა უკვე შეადგინეს თავისი რაზმი წესიერების აღსადგენად, ისინი მაინც საშიშ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან მეტად ძნელია იმ ანარქიასთან ბრძოლა, რამაც ჩვენში იჩინა თავი და რაც თანდათან ძლიერდება.
.
3. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას წესიერების აღსადგენათ, მცხოვრებთა მშვიდობიანობის დასაცავათ შემოიყვანოს ჩვენში თავის ჯარები.
.
4. ვთხოვთ აგრეთვე იმავე მეთაურობას მიიღოს საჭირო ზომები ბათუმის ოლქის, საქართველოს ამ განუყოფელ ნაწილის, ავტონომიურათ დედა სამშობლო საქართველოსთან გასაერთიანებლათ.
ხელს აწერენ წარმომადგენლები”.
.
კამილეთის ხიდი მურღულში
.
P.S. 1517 წელს გურიის მთავარი გახლდათ მამია I გურიელი, ხოლო სამცხის ათაბაგი იყო ყვარყვარე III. კახაბერი გახლდათ გურიელების საუფლისწულო მამული და სავარაუდოდ კახაბერ გურიელიც ამ მამულის მფლობელი უნდა ყოფილიყო ?
შეიძლება იყოს nature გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share