ცნობები გურიის ებრაელთა თემის შესახებ

69 წელს რომის მომავალმა იმპერატორმა ტიტუსმა იერუსალიმი აიღო, მისი ბრძანებით ქალაქი მთლიანად გაანადგურეს და ებრაელთა მეორე ტაძარი დაანგრიეს. იურუსალიმის აღებას ებრაელთა განდევნის მეორე ტალღა და საქართველოში მათი მეორე გადმოსახლება მოყვა, ამ დროს ქართლსა და გურიაში ათიათასამდე ებრაელი დასახლებულა, წყაროს მიხედვით ამ ადგილებში ივრითი მნიშვნელოვნად იყო გავრცელებული (Евреи бухарские, горские, грузинские в водовороте истории).
.
გურიაში ებრაელთა დიდი თემის არსებობაზე უთითებს ილია პაპისმედოვი, რომლის ცნობით: ვინმე დანიელ ბენ ნათან კონსტანტინეპოლელს მის მიერ ტრაპიზონში 1188 წელს შეძენილი 24 წიგნი შეუწირავს გურიის ებრაელთა თემისათვის, წარწერაში მითითებულია: „უფლისა ჩვენისა სახელით მე, დანიელ ბენ ნათან კონსტანტინეპოლელმა, ჩვენი თანამოძმეთა ტრაპიზონის თემის სახელით შევიძინე ჩემი სახსრებით ეს 24 წიგნი ბრწყინვალედ შეკრული და შევწირე გურიის ებრაელთა თემს“.
.
პეტრე ნადეჟდინი საუბრობს სამეგრელოს, იმერეთის და გურიის ებრაულ კოლონიების შესახებ (რომლებიც რეალურად არსებობდა), მისი აზრით კოლონისტები პალესტინიდან ჩამოსახლებული სამარიტელები არიან – „სამეგრელოში კოლონია დაარსეს სამარიტელებმა და სირიელებმა, ეს ის ხალხია რომლებიც აბიდენის განმარტებით გადასახლდნენ ბერძნების ოკენის ანუ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.“
.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით „შემოქმედის ქვეით, არს ოზურგეთი, სასახლე დიდშენი, კეთილ-პალატოვანი, გურიელისა. აქავ სახლობენ ვაჭარნი სომეხ-ურიანი და ვაჭრობენ.“
.
ძალიან ბევრი მკვლევარი უთითებს გურიაში არსებულ სახლებში, გვარებში და სხვა სიტყვებში ებრაულ ფუძეს, ნიკო მარის მიხედვით ასეთი სიტყვები ათასამდე უნდა იყოს. ზაქარია ჭიჭინაძის აზრით გურიაში ებრაელთა თემის დიდი ნაწილი გაქრისტიანდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილაცია განიცადა, რაც ჩემი აზრით ნაწილობრივ გასათვალისწინებელი გახლავთ: „გურიაშიც კი ნახევარზე მეტი მცხოვრებთა რიცხვი ებრაელინი ყოფილან“ აქვე „დღემდე გურიაში დაშთენილი სოფლის სახელები, რომელთაც პირდაპირი ურიის კაცის სახელები ქვიანთ, მაგალითებრ: ლიხა – ურია, დღეს ლიხა-ურია, გურიანთა, გ-ურიას მთა, რადგანაც გურიანთა მეტად მაღლა სძევს, ასეთი სოფლების შედარებასა და მოხსენებას რომ გავყვეთ ეს ერთობ შორის წავა. ამის ნიშნები თვით გვარებშიც კია დაშთენილი, მაგალითებრ ებრაელიძე, ებრაელის ძე, ურუშასძე, ანუ ურუშაძე და ბევრიც სხვები, რომელთა გვარებს დღეს ვეღარას შევატყობთ.“
.
ასევე ხშირად აქცენტები კეთდება გურიაში არსებულ ტოპონიმიკაზე, მაგალითად იგივე ლიხაურში ადგილი “ნაურიალი” არაორაზროვნად მიუთითებს თუ ვინ ცხოვრობდა ამ ადგილზე. იგივე ებრაული ფუძე უნდა ჰქონდეს გურიაში გავრცელებულ გვარს სეფერთელაძეს (სეფერ – סֵפֶר – წიგნი);
.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჭიჭინაძის მიხედვით ებრაელები გურიაში 26 საუკუნის წინ ჩამოსახლდენენ და ამ მხრივ ჩემი აზრით მისი ცნობები ნაკლებად სანდო გახლავთ.
.
ებრაული თემის გურიაში არსებობასთან დაკავშირებით საინტერესოა შემოქმედის მონასტრის კარის თაღის ბარელიეფი, რომელზეც გამოსახულია: ექვსქიმიანი “დავითის ვარსკვლავი”, ქართული ჯვარი წრეში “ბოლნური ჯვარის” მსგავსი და ხუთქიმიანი ვარსკვლავი პენტაკლი/პენტაკლი, რომელიც მკვლევართა აზრით “ტამპლიერების ვარსკვლავი” გახლავთ, თუმცა იგივე სიმბოლო სხვადასხვა კონფესიებსაც აქვს, მაგალითად ბერალებისათვის ხუთქიმიანი ვარსკვლავი ნიშნავს უფლის მიერ მოსეს მიცემულ ხუთწიგნეულს. ეს არის წიგნები, რომლებშიც თავმოყრილია ძირითადი კანონები და განსაზღვრულია ებრაელთა ცხოვრების წესს: დაბადება, ამოსვლა, ლევიათანი, რიცხვები, მეორე სჯული. ასეთი ვარსკვლავი ძველი აღთქმის რწმენის არსის ნიშანია.
.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ შემოქმედის მონასტერი ფსევდო გოთიკის სტილშია აშენებული და იგი ამ მხრივ ერთადერთია საქართველოში, თუმცა ჩემთვის უცნობია მონასტრის არქიტექტურული სტილის კუთვნილება ისევე, როგორც ამ სამი სიმბოლოს ერთობლიობის არსი და საჭიროებს თეოლოგების განმარტებებს.
.
მოკლედ რომ ვთქვათ გურიაში ებრაელთა დიდი თემის არსებობაზე ძალიან ბევრი წყარო არსებობს, თუმცა ეს საკითხი მეცნიერული თვალსაზრისით შესწავლას საჭიროებს.
.
– Евреи бухарские, горские, грузинские в водовороте истории – Роберт Пинхасов, Светлана Данилова, Семен Крихели;
– Паписмедов Илья Шаломович «К истории торговли груз. евреев»;
– Петр Петрович Надеждин – Кавказский край. Природа и люди (1895 г.);
– Шопен Иван Иванович – Новые заметки на древние истории Кавказа и его обитателей (1866 г.);
– ვახუშტი ბატონიშვილი “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”;
– ზაქარია ჭიჭნაძე “ქართველთ ებრაელნი საქართველოში” 1904;
შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share