თევზაობა და ნადირობა ძველ გურიაში

გურიაში მეთევზეების მფარველად ითვლებოდა ზებედე – გალილეელი მეთევზე, რომელმაც უყოყმანოდ გააყოლა მაცხოვარს თავისი შვილები იაკობი და იოანე. ხსენებულის შესახებ ცნობები მითითებული აქვს ტარასი მამალაძეს (კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებული):
.
“მეთევზეობა: სათევზაოდ წასულ გურულს არავინ არ უნდა უთხრას „გამარჯობა“, არამედ – „დილა ან საღამო მშვიდობისა“. მეთევზეებს ღმერთი კი არა, წმინდა ზებედე მფარველობს. გურულებს სწამთ, რომ კალმახებს, რომლებსაც თავთან ჯვრის ფორმის ფხა აქვთ, ეს ფხა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ისინი ქრისტემ აკურთხა და ჯვარი გარდასახა. “
.
ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით მდინარე ბჟუჟი (ბჯუჯი) გურიელის („ლაშქარ-ნადირობა“ და მისი სოციალური არსი) საკუთრება და აქედან გამომდინარე დაცული ადგილი იყო – “„დაცულ“ სანადირო ადგილებში ნადირობის ნებართვისათვის „ნადირობის ბაჟი“ იყო დაწესებული. ნადირობის ბაჟი ეძლეოდა გურიელს მდ. ბჟუჯში დაწერილი თევზიდან”.
.
გურიელების ერთერთი მთავარი სანადირო ადგილი კახაბერისა და ბათომის მიმდებრე ტერიტორია ყოფილა, სადაც გურლებეის საუფლისწულო მამული გახლდათ. სადაც იდგა გურიელების სასახლე და ციხესიმაგრე. რომლთა ნანგრევები 1878 წელს რუსეთის ჯართან ერთად ბათუმში შესულ სამხედრო ისტორიკოსს და ჟურნალისტს ა. ფრენკელს დაუთვალიერებია – „აქ (კახაბერში) კიდევ არის გურიელების ციხესიმაგრის ნარჩენები.“ ფრეინკელი წერს – „ამ ადგილს სახელად კახაბერი დაერქვა იმიტომ რომ აქ კახაბერ გურიელი ნადირობის დროს გარეულმა ტახებმა დაგლიჯეს“.
.
დიმიტრი ბაქრაძის ნაშრომში არის მის მიერ გურიაში ნაპოვნი მე-16 საუკუნის როსტომ გურიელის მიერ გაცემული სიგელი მწიგნობარსა მგალობელ მღვდელზე იაშვილზე – “ისკურდას გამოღმა ჭინკაძის კარავს მიღმა განძის ყვაურის თავს რომ წყალი ჩამოსჩქერის, იმას დაღმა და ბზვანის კიდესა კეჭიეთის საზღვარს და თუვაის ციხეს გადმოღმა, სამების სათაყვენეს ამოღმა თქვენთვის გვიბოძებია ნახევარი ბოხვაძის და ქობულიასი არის მოგვიცემია. ნადირიც რაც რამე მოკვდეს ამ ტყეში, ნახევარი თქვენ გერგებოდეს და ნახევარს ნურას დაიკლებთ შენ იმისი ნახევარი არ გეყვის ამაშიდ და იმათ თქვენი ნამეტნავი არ ეყვის. დღეს ასე გაგვირიგებია შეუმშლელად. ამ ტყის ბაჟი, რაც დიდი ბაჟი არის, ის საჩვენოთ იყოს და დიდს ბაჟს გარეთ ბაჟი რაც მოვიდეს… ნახევარი შაუცილებლად თქვენ გქონდეს.”
.
ჩხატარაიაშვილის მიხედვით გურიელს სახელმწიფო ტყის მცველები ჰყოლია “XVI საუკუნიდან გვაქვს ცნობა ტყისმცველებზე. ამ დროს გურიელს ქობულეთშიი 4 ტყისმცველი ჰყოლია. სახელწიფო ტყისმცველები იყვნენ გურიაში XVII-XVIII საუკუნეებშიაც. ეს ტყისმცველები მსახურები იყვნენ. საკუთარი ტყისმცველები ჰყავდათ დიდ ფეოდალებსაც, მაგ. თავად მაჭუტაძეებს.“
.
ასევე “გურიაში მებატონეები თავის მამულში საკუთარ ყმებს არ უკრძალავდნენ ნადირობასა და თევზაობას, ოღონდ გლეხებს ნანადირევის ნაწილი ბატონისთვის უნდა მიეტანათ”. აქვე “გურიაში, ნიგოითის ტყეში, რომელიც თავად მაჭუტაძეებს ეკუთვნოდათ, თავადებს ჰყავდათ ტყისმცველები, რომლებიც ტყეში ბატონის უნებართვოდ არავის უშვებდნენ. როცა მაჭუტაძე ამ ტყეში მორეკვით ნადირობდა, მოკლული ნადირის (ირემი, ღორი, შველი) გარკვეული ნაწილები ბატონს მიჰქონდა, სხვებს მონადირეები ინაწილებდნენ”.
.
საეკლესიო ანუ “ხატის ტყეებში” ტყეებში მოკული ნადირის წილი ეკლესიას ეკუთვნოდა: “1625 წ. სიმონ I გურიელმა აჭის წმ. გიორგის ეკლესიას შესწირა გლეხები მათი ბეგრით, „ტყით და წყლით“ და დაადგინა „რაც ამ ტყეშიდ ნადირი მოკვდეს, მარჯვენა კერძი წინამძღვარს, მარცხენა – ვინც ამ საყდრის დეკანოზი იყოსო“
.
სურების ტყე ჯუმათის ეკლესიისათვის იყო შეწირული და მთავარანგელოზის ტყის სახელით იყო ცნობილი – “მთავარანგელოზის ტყეში მოკლული ნადირის ნახევარი ჯუმათის ეკელსიას ეკუთვნოდა.” შემოქმედის მონასტრის ტყეებში, XIX ს. დასაწყისის ცნობით მოკულული ნადირის წილი მონასტერს ეკუთვნოდა – „რასაც მოჰკვლენ იმავე ტყესა შინა, ირმისაც და ღორისაც ფელიკი მიერთმევა იმავე მონასტრის მღვდელმთავარს“
.
გვიანდელი ცნობით, გურიის რიონისპირა „ტყე ბატონყმობის დროს თითქმის სოფლის საკუთრებას შეადგენდა, იქ ნადირობას და ხეტყის მოჭრას ვერავინ დაუშლიდა“
.
უნდა აღინიშნოს, რომ გურიის ტყეები სავსე იყო ნადირით – “აქანაი ტყეი იყო სულ, ბოცვები იყო. საფსე იცოდა ტრედები, ყვერული იხვი; შველი, ვერული ღორი, გელი, მელიეი, ტურა. გელმა ეზოში ჩამუარდა აქანაი და ეტაკა ძროხას. იბღავლა ძროხამ ღამე. ვიწევი ლოგილზე გარეთ პარმახში, ზაფხული იყო. ძაღმა შიეტაკა. ხან ძაღლი იყო ქვეშ და ხან გელი, რომ გადავხედე პარმაღიდან. მერე მე თოფი ვისროლე. გელი გეიქცა მერე. ძაღლი არ ამდგარა მოორე დღეს. დაქანცული იყო.” (იასონ ლომაძე ლანჩხუთის რაიონი სოფ. ჭალა. ჩაწერილია 1961 წელს)
.
გურიაში ძალიან პოპულარული იყო მიმინოთ ნადირობა, გაზეთ “ივერიაში” 1891 წელს გამოქვეყნებული წერილის მიხედვით ლანჩხუთში იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს (11 სექტემბერი, ძვ. სტილით 29 აგვისტო) მიმინოებით ვაჭრობა იმართებოდა, სადაც გურიიდან და სამეგრელოდან დიდძალი ხალხი იკრიბებოდა.
.
“დაბა ლანჩხუთის მახლობლად იოანე ნათლის მცემლის ეკკლესიაზედ თავის კვეთას დღესასწაულობენ. აქ ამ დღეს გურია-სამეგრელოდან დიდძალი ხალზი იყრის თავს. წელსაც მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით ავდარი იყო, ბევრი ხალხი შეიკრიბა და ხალხზე მეტი კიდევ მიმინოები იყო გასასყიდად მიყვანილი. წირვა ლოცვას აბა ვინ დაგიდევდა, ყველა მიმინოს სინჯვასა და ვაჭრობაში იყო გართული.”
.
საინტერესოა ფრინველზე მახეებით ნადირობა – “მიმინომ არ დაგვინახოს. ქოხს რო გავაკეთეფთ, ბადეს გავშლით. ქოხი აგერ გვიდგანა, ბადე ქოხის წინაა დასობილი. ჩვენ გამუალთ ქოხის უკან და ვიმზირებით, უნდა დევინახოთ, სიდგან გამუა მიმინო. ჩიტი ბადესთანაა. ჯოხი ჩასობილია მიწაში, ჯოხზია მიმბული ჩიტი. საჭმელი ქი აქ და ჭამს. როცხა დეინახავ მიმინოს, შენ უნდა ააფეთქო ჩიტი. მიმინო დეინახავს ჩიტს და წამუა ჩიტის შესაჭმელათ. რო მუა ჩვენთან, გადავკრავთ ბადეს და დავახურავთ თავზე. დაჭირული კვყავს მიმინო.” (ვლადიმერ უჯმაჯურიძე, ქვემო ერკეთი, ჩაწერილია გრიგოლ იმნაძის მიერ 1963 წელს).
.
გურიის გლეხობაში ასევე გავრცელებული იყო ფრინველზე “ოკიტაშათ” და “სხაპით” ნადირობა. ოკიტაშას ჩიტის საჭერ პატარა ბადეს ეძახდნენ, რომლითაც შემოდგომასა და ზამთარში ძირითადად შაშვზე ნადირობდნენ. უკიტაშას თევზის დასაჭრი ბადის მსგავსად ქსოვდნენ, დიდი თვალით, ისე რომ ფრინველი თვალში ვერ გატეულიყო.
.
ამ ბადეს დგამდნენ ხშირ ხეებსა და ბუჩქნარს შორის არსებულ ვიწრო წრილში, ანუ ორ ბუჩქს ან ორ ხეს შუა. ბადეს ორი ზედა კიდით გაჭიმავდნენ და კიდებდნენ ბუჩქის ტოტზე, ხოლო ბადის ქვედა ნაწილს მსუბუქად ისე რომ ბადე მოშვებული იყოს ამაგრებენ იგივე ბუჩქის ან ხის ქვედა ტოტზე, ისე, რომ ბადის ოდავი შეხებისას ბადე ქვემოდან აიშალოს და ფრინველი შიგ გაებას.
.
სხაპით ძირითადად გარეულ ქათამზე ნადირობდნენ, ხის წკეპლაც ჩააჭრობდნენ ხეებსა და ჯაგნარს შორის არსებულ ვიწრო ჭრილში, წკელას თავზე აბამდნენ მარყუჟიან ცხენის ძუას, წპლას მოხრიდნენ და მაყუჟს ისე რომ მასში მხოლოდ ფრინველის თავი გატეულიყო ვიწრო გასასვლეში მოაწყობდნენ, ფრინველი ჯაგნარიდან გამოსვლისას თავს გაყოფდა ყულფში, მისი მოძრაობა წკელას აწევდა და ფრინველიც დაჭერილი იყო.
.
სანადირო ძაღლების მხრივ საინტერესოა, რომ გურულ ლეგენდებსა თქმულებებში ფიგურირებს ასე ვთქვათ მითიური ძაღლი “ტაპიე” ან “ტოპიე”, რომელსაც მოელვარე ცეცხლისფერი ყურები ჰქონდა – “ამ კაცს ყავდა ძაღლი ყავდა ძაღლი, რომელსაც „ტაპიეს“ ეძახდა, ძაღლი თეთრი იყო და მისი განსაკუთრებული ნიშანი ის გახლდათ, რომ ცეცხლივით ლევარე ყურები ჰქონდა.” – გურული ლეგენდა ამირანზე – რატომ აქვს ღაჟოს ულვაში (Е.Б.Вирсаладзе – Грузинский охотничий миф и поэзия)
.
გურიაში ნადირობასთან დაკავშირებულ თქმულებებსა და ლეგენდებში მითიური მონადირის სახელებად გვხდება „მახუტალა“ და „ამირანი“. რაც შეეხება „ამირანს“ იგი გურიაში ნადირობასთან დაკავშირებულ თქმულებებში უფრო ხშირად გვხვდება, ზოგ შემთხვევებში პირდაპირ ამირანის სახელით მოიხსენიება, ზოგჯერ კი თქმულება სიუჟეტურად უკავშირდება ამირანის ეპოსს. მონადირე „ამირანი“ არის ლამაზი, ძლიერი და მოხერხებული მონადირე, რომლის იარაღებში არ არის თოფი და ნადირობს მშვილდით, რაც თქმულებების სიძველზე მიუთითებს. ყველა შემთხვევაში „ამირანი“ მისი საზრიანობის და სიძლიერის მიუხედავად, თავს მაინც ვერ აღწევს ულამაზესი „ნადირთა ქალის“ ცდუნებას (Е.Б.Вирсаладзе – Грузинский охотничий миф и поэзия – 1976) ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მონადირე „მახუტალა“ მეგრული ლეგენდების გმირიც გახლავთ.
.
ასევე ნადირობის ლეგენდების მთავარი პერსონაჟია მონადირის ცოლი: თუ კი ქმარი სანადიროდაა წასული მას არა აქვს უფლება თქვას სად არის წასული მისი ქმარი. მონადირის სახლში დაბრუნებამდე ცოლი მახულობს, არ ჭამს ხორცეულსა ან ცხიმიანს და დღენიადაგ ლოცულობს ქმრის სახლში მშივოდბიანად დაბრუნებისათვის, განსაკუთრებით კი იმაზე ლოცულობს, რომ „ნადირთა ქალმა“ მისი ქმარი თმებით არ დააბას – ღმერთო დალის თმები დააჭერი, მთლად ძირში ზედ ყურებთან, გამოუშვას ჩემი ქმარი სახლში, რაც არ უნდა ღრმა იყოს მისი ძილი.
.
ივერიელი – ფოტო ჩოხატაურის მხარეთმცოდენოების მუზეუმიდან.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share