”მე რომ თბილისში, მთავრობა ვიყო, შტატების გადაწყვეტილებას სერიოზული შეშფოთების სიგნალად მივიღებდი” – ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ქრისტოფერ სმითმა შეჩერებულ წვრთნებთან დაკავშირებით “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
სმითმა ასევე შეშფოთება გამოთქვა “ოცნების” ხელისუფლების წევრების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
”მე კარიერა თბილისში დავიწყე, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ის პროგრესი, რასაც ქართველმა ხალხმა მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ოჯახის წევრობის მიზნების კუთხით, მართლაც მნიშვნელოვანი და ისტორიული იყო. შეერთებული შტატები მათ გვერდით იდგა თითოეულ ამ ნაბიჯზე. მე რომ თბილისში, მთავრობა ვიყო, ამერიკის ამ გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას, ისევე, როგორც ბრიუსელის გადაწყვეტილებას, ევროინტეგრაციის კუთხით, სერიოზული შეშფოთების სიგნალად მივიღებდი. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვრჩებით იმით, რა მიმართულებით მიდის ხელისუფლება. ჩვენ განვაგრძობთ მათთან არასაჯაროდაც ამ შეშფოთების გამოხატვას, მაგრამ ასევე გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას საიმისოდ, რომ მივუთითოთ იმ სიმწვავეზე, რომლითაც ამ სიტუაციას ვაფასებთ”, – განაცხადა სმითმა.
აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადო – ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.