2024 წლის 9 ივლისს, ბახვი ჰესმა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონს, ოზურგეთელ 10 წლის ლაზარე ჩხარტიშვილს საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა. ღონისძიება საჭადრაკო კლუბ “გურიაში” გაიმართა და მას კომპანიის წარმომადგენლებსა და ლაზარეს ოჯახის წევრებთან ერთად გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
ლაზარე ჩხარტიშვილი ჭადრაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 8 წლის ასაკში გახდა, ხოლო 9 წლის ასაკში მან საქართველოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ის ჭადრაკში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც გაემგზავრება, რომელიც ჩეხეთსა და იტალიაში გაიმართება.
„ლაზარემ 5 წლის ასაკიდან დაიწყო ჭადრაკში მეცადინეობა, მისთვის საყვარელი სპორტია და პროფესიად აქცევს მას. მან მოიპოვა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურები. მაქსიმალურს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელოს.
ეს დღე მისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და გაორმაგებული ძალებით გააგრძელებს მუშაობას. მადლობა ბახვი ჰესს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საჩუქარი გადასცა მას. მადლობა კომპანიას. ეს ლაზარესთვის დიდი მოტივაცია იქნება“,-განაცხადა ლაზარე ჩხარტიშვილის დედამ, თამარ ქათამაძემ.
„ბახვი ჰესის მიერ ხორციელდება საკმაოდ დიდი ინვესტიცია. საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითია მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შორის. დღევანდელი დღეც ამის ნათელი დადასტურებაა. გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გვყავს საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში, ლაზარე ჩხარტიშვილი 10 წლის ასაკის. ეს არის გურიისთვის პირველი პრეცენდენტი, რომ ამ ასაკის საქართველოს ჩემპიონი გვყავს. კომპანიამ გამოხატა ინიციატივა და ლაზარეს დღეს საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ბახვი ჰესს და წარმატებები ვუსურვო ლაზარეს“, – განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.
„დღევანდელი დღე ბახვი ჰესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. 10 წლის ლაზარეს, რომელიც ამ ასაკში ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა, საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადავეცით. მივიღეთ ინფორმაცია, რომ როგორც სკოლის, ასევე ჭადრაკთან დაკავშირებული დავალებების ხარისხიანად შესრულებისთვის მას სწორედ ეს ნივთი სჭირდებოდა. შესაბამისად, დღევანდელი დღე არა მარტო ლაზარესთვის, არამედ კომპანიისთვისაც დიდი მოტივაციაა, რადგან გვსურს მომავალი თაობის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. წარმატებებს ვუსურვებთ ლაზარეს დაგეგმილ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. დარწმუნებულები ვართ, ის ჩვენს ქვეყანას და გურულებს კიდევ ერთხელ ასახელებს“,- განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.