რუსეთში 21 წლის ქალს უკრაინულ ფონდში $30-ის გადარიცხვისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში, ქალაქ ტომსკში უკრაინულ ფონდში 30 დოლარის გადარიცხვისთვის 21 წლის ადგილობრივ მცხოვრებს, ტატიანა ლალეტინას სახელმწიფო ღალატის მუხლით სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას გამოცემა Медиазона ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლალეტინას ბრალი უკრაინულ ფონდში თანხის გადარიცხვის ორი შემთხვევის გამო წარუდგინეს. პირველად მან 10 დოლარი ფონდში 2022 წლის 24 თებერვალს, ხოლო მეორედ 20 დოლარი 2022 წლის აპრილში გადარიცხა.

როგორც Медиазона-ს ლალეტინას ნაცნობმა უთხრა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებმა პირველი გადარიცხვის შესახებ ინფორმაციის ფლობის საფუძველზე მისი სახლი გაჩხრიკეს და მეგობართან მიმოწერებიდან მეორე გადარიცხვის შესახებაც შეიტყვეს.

მეგობრის ინფორმაციით, ტატიანა ლალეტინა 26 თებერვალს დააკავეს, ხოლო პატიმრობის განაჩენი 28 ივნისს გამოუტანეს.

საქმის დეტალები უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share