მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კითხვები ტერორიზმის და “სახელმწიფო ამბოხის” საქმეებს ეხებოდა.
ქართველ მებრძოლს ისიც ჰკითხეს, ხომ არ აქვს მას კავშირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ხმალაძეს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი:
“დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემს საქმიანობაზე წარსულში. ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. არც შენობაზე ყოფილა საუბარი, არც კონკრეტულად ვინმე პირზე, ზოგადი საუბარი იყო – ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, შეშინება თუ რაღაც ასეთი”, – ამბობს ნადიმ ხმალაძე
უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე სუსი მასობრივად იბარებს. დღეს უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა კიდევ ერთი ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია იმყოფებოდა, რომელმაც მას შემდეგ, რაც გაიგო რა საქმეზე იბარებენ, გადაწყვიტა რომ მანაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვოს.
სუს-სგან შეტყობინება გამოკითხვის შესახებ მიიღეს ომის სხვა ვეტერანებმაც – ვაჟა ცეცაძემ, ბესო ბენდელიანმა და ლაშა ჭიღლაძემ. ისინი ამბობენ, რომ საქმეს რეალური სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას მათი დასჯა რუსულ აგრესიასთან ბრძოლისა და თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სურს.