“დღემდე განმარტება არ გაუკეთებია არც საელჩოს, რა თანხაზეა საუბარი. წარმოდგენა არ მაქვს, რა თანხა არის ეს. ბიუჯეტის თანხა არ არის, ბიუჯეტში ეს თანხა ნამდვილად არ მიდიოდა. საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ვქმნით. ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა. ესეც მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებას რომ უნერგავენ შეგრძნებას, რომ სადღაც ვიღაცამ შეწყვიტა დაფინანსება და ახლა ეს რაღაც კატასტროფაა. ბიუჯეტთან საერთოდ კავშირი არ აქვს ამ თანხას. რამდენადაც ვიცი, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში ასეთი თანხა არ არსებობდა. დღემდე განმარტება არ გაკეთებულა, რა თანხაა, რას ეხებოდა და ა.შ.
სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვქმნით დოვლათს და ვავსებთ ბიუჯეტს. სახელმწიფო სწორედ ამ ბიუჯეტით ზრუნავს ყველა იმ წინსვლაზე, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. თუკი რომელიმე უცხო ქვეყანას უნდა, ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს, მისასალმებელია და ყოველთვის მადლიერები ვართ ნებისმიერი გვერდით დგომისთვის. თუმცა ბოლო პერიოდში ისეთი აღქმა რჩება, რომ ვიღაცას მეგობრობა ზეწოლის ინსტრუმენტი ჰგონია. ეს არ არის სწორი მიდგომა, მათ შორის, როცა ვნახეთ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება. მაშინ როდესაც ჩვენ გადავარჩინეთ ევროკავშირი ცენტრალურ აფრიკაში, ამის შემდეგ ასეთი დამოკიდებულება არის საკვირველი”, – ამბობს პაპუაშვილი.
აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს
ენტონი ბლინკენის თანახმად, ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.