„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი თავად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახია, “რომელსაც ყოფილ პრეზიდენტთან შესაბამისი კალორაჟის საკვები არ მიაქვს”.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხით არამარტო საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც უნდა დაინტერესდნენ.
„თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი, ეს ასეა მთელ მსოფლიოში, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს – ისინი პასუხისმგებელნი არიან ზრუნვაზე ნებისმიერი პატიმრის მიმართ. ამ შემთხვევაში თვითდაზიანებაზე ასევე, პასუხისმგებელია პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან. ამაზე საზოგადოებამაც უნდა გაამახვილოს ყურადღება და საერთაშორისო პარტნიორებმაც, რატომ ხდება ეს, რატომ ხდება თვითდაზიანება და რატომ არის ჩართული თვითდაზიანებაში პატიმრის ოჯახი, რომელიც აბსოლუტურად გაუგონარ რამეს აკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა პოლიტიკოსის გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ტყვეა და ეს ევროინტეგრაციისთვის დაბრკოლება იქნება.
კობახიძემ აღნიშნა, რომ თუკი საქართველოში რაიმე არის არაევროპული, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“.
„გუბაზ სანიკიძე არის “ევროპის სახე“საქართველოში თავისი ყველაფრით: თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავისი მომავლით. რაც შეეხება სააკაშვილის და ევროპული მომავლის ერთმანეთთან დაკავშირებას – მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილი არის ის პიროვნება, რომელიც ყველაფერ ანტიევროპულს განასახიერებს, თავისი მოღვაწეობით, მათ შორის, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. ყველაზე არაევროპული რეჟიმი სწორედ მაშინ იყო დამკვიდრებული საქართველოში. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე არის საქართველოში ანტიევროპული, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი“, – აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილებებს შესაბამისი უწყებები იღებენ და მას არანაირი პრეროგატივა არ აქვს, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს.