ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – „რუსეთი უკრაინული ქალაქების დასაკავებლად სირიელ მებრძოლებს ქირაობს“ (ავტორები – გორდონ ლიბოლდი და ნენსი იუსეფი).
„რუსეთი სირიაში ისეთ მებრძოლებს ქირაობს, რომლებსაც ქალაქის პირობებში ბრძოლის გამოცდილება აქვთ“, – წერს გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“, რომელიც ოთხი ამერიკელი ჩინოვნიკის ნათქვამს იმოწმებს, – „ეს ცნობები იმას ნიშნავს, რომ რუსეთი, რომელიც სირიაში 2015 წლიდან მოქმედებს, ბოლო დღეებში არაბი დაქირავებულების შეკრებას იწყებს იმ იმედით, რომ მათი გამოცდილება რუსულ ჯარს უკრაინის დედაქალაქის – კიევის აღებაში დაეხმარება“.
ჩინოვნიკების თქმით, სირიელების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე რუსეთში იმყოფება, ამასთან, მათ არ დაუზუსტებიათ, თუ რამდენი სირიელი დაქირავებულის გაგზავნას აპირებს კრემლი უკრაინაში. იმავდროულად, სხვადასხვა ცნობებით ირკვევა, რომ რუსეთმა სირიელ დაქირავებულებს დღეში 200-დან 300 დოლარამდე შესთავაზა „უკრაინაში საომრად, ექვსი თვის ვადით“. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინაში მუსლიმანური ქვედანაყოფები უკვე ოფიციალურად იბრძვიან, რომლებიც ჩეჩნეთიდან რამზან კადიროვის – ვლადიმერ პუტინის მოკავშირის მიერ არიან გაგზავნილნი.
სირიელ მებრძოლებს ქალაქებში ბრძოლის თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვთ, რუს სამხედრო მოსამსახურეებს კი, განსაკუთრებით – არმიაში ბოლო წლებში გაწვეულებს, მსგავს პირობებში დიდი ხანია, აღარ უბრძოლიათ (2000 წლიდან – ჩეჩნეთის მეორე ომის „ცხელი ფაზის“ დასრულებიდან).
ამასთან, არსებობს საპირისპირო თვალსაზრისიც: როგორც ვაშინგტონში არსებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის სირიის საკითხების ექსპერტი ჩალზ ლისტერი ამბობს, რუსებისათვის სირიელების დაქირავება მაინცდამაინც დიდი ეფექტის მომტანი არ იქნება. „დიახ, მათ აქვთ ბრძოლის გარკვეული გამოცდილება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ ეს, ძირითადად, საველე პირობებში ხდებოდა. სირიელების ჩაყვანა უკრაინაში იმას ნიშნავს, რომ მარსელები მთვარეზე საბრძოლველად გაგზავნო… მათ არ იციან ადგილობრივი ენა, გარემო სრულიად უცხოა, ორიენტაციაში ვერ გაერკვევიან“, – აღნიშნავს ექსპერტი.
რუსეთი სირიის პრეზიდენტის – ბაშარ ასადის საკვანძო მოკავშირედ ითვლება. სანამ სირიაში რუსეთის არმიის ქვედანაყოფები შევიდოდნენ, მანამდე სირიის სამთავრობო ჯარებმა ავიაციითა და არტილერიით მთავარი ოპოზიციური ქალაქები დაანგრიეს, მათ შორის – ალეპო. ბაშარ ასადს დახმარებას უწევდნენ, აგრეთვე, რუსული დაქირავებულები – „ვაგნერის ჯგუფის“ სახელწოდებით.
„უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის მომენტიდანვე სირიელები გაიყვნენ როგორც რუსეთის ოპერაციის მომხრეებად, ასევე – მის მოწინააღმდეგეებად. არიან ნეიტრალურებიც, რომლებიც არც ერთს არ ემხრობიან“, – აღნიშნულია სტატიაში.
„უკრაინის კონფლიქტი შეიძლება უცხოელი მებრძოლების მიზიდულობის ახალ ცენტრად იქცეს“, – თვლის ჯენიფერ კაფარელა, სირიის საკითხების ექსპერტი ომების შემსწავლელი ანალიტიკური ინსტიტუტიდან (Study of War).
„ის ფაქტი, რომ უკრაინაში სხვადასხვა ქვეყნიდანაც ჩადიან მოხალისეები, საბრძოლო მოქმედებების ინტერნაციონალიზებას ახდენს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ომის გავლენა სულ უფრო მეტ გეოგრაფიულ არეალზე ვრცელდება, მათ შორის – ახლო აღმოსავლეთზეც”, – ციტირებს ექსპერტის ნათქვამს ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“
კვირის პალიტრა