“შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა”
ძველათ „კალანდას“ ახალ წელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას (საახალწლო კვერი), საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილის ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. თუ გატეხვის შემდეგ კაკალი ცარიელი აღმოჩნდა, რაც მისსი რწმენით უბედურების მომასწავებელია, ის ხელმეორედ ეხვეწება წმ. ბასილს, რომ მისი ოჯახი ცარიელ კაკლს არ დაამსგავსოს.
ამის დასასრულს პროცესია სახლისკენ გაემართება და მეკვლეს კარებს სამჯერ დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!″ სახლიდან სამჯერ უპასუხებენ „რა მოგაქვს?“ ამაზე მეკვვლე უპასუხებს მთელი რიგი სანატრელი საგნების ჩამოთვლით. შემდეგ კარებს უღებენ და იწყება საახალწლო მილოცვები.
გურიაში კალანდის წინა დღეს “ცხემლისჭრა” ეწოდებოდა.
ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა საახალწლო გასალოც შეშას, შეიტანდა შინ, დააპობდა, დააწყობდა მშრალ ადგილას, ან აიტანდა სხვენზე “შუაცეცხლის პირდაპირ ჭერზე და დააწყობდა გასაშრობად. თვარა დილას ცეცხლი კარგად არ მოეკიდებოდა”. ცხემლისჭრა დღეს ვახშმად გააკეთებდნენ ფრინველებს (ქათამი, ბატი, იხვი და სხვ.), კუჭმაჭს და თავ-ფეხს, გამოაცხობდნენ საგანგებოდ ცხემლისჭრის პურს (ხაჭაპურს), საღამოს აანთებდნენ შინ ჩამოხდილ თაფლის სანთლებს და შეუდგებოდნენ ვახშამს. ღვინის სმის დროს დაილოცებოდნენ: “მრავალს ცხემლისჭრა დღეს დაგასწროს ღმერთმაო”.
ცხემლისჭრა დღეს უნდა მოემზადებინათ ჩიჩილაკიც. ამ დღეს ტყეში მოძებნიდნენ დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის, უმეტესად თხილის ან ლეკომფხის სწორ, როგორც გურიაში იტყვიან, “აშოლტილ” ხეს, მოჭრიდნენ ძირში. საჩიჩილაკე ღეროს ცოტა ხნით ცეცხლზე გააჩერებდნენ, რათა რბილი და დრეკადი გამხდარიყო. როცა კანი ტკაცუნს დაიწყებდა, გამოიღებდნენ, შემოაცლიდნენ დამწვარ კანს და მჭრელი დანით იწყებდნენ მის ჩამოხდას. წვრილი ნათალი ერთი ბოლოდან მეორემდე ფრთხილად მიჰყავდათ ისე, რომ არ შემწყდარიყო. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მიუახლოვდებოდნენ მერქნის გულს. აქ კანის ჩამოხდას წყვეტდნენ, რადგან შეიძლებოდა ღერო გადამტვრეულიყო. შემდეგ იწყებოდა მეორე ეტაპი – ჩიჩილაკის მორთვა. მას უკეთებდნენ ჯვრის ფორმის სადგამს. ჯვარს ჩიჩილაკს თავზეც ადგამდნენ, ოღონდ იგი უფრო პატარა ზომისა იყო, ვიდრე ქვემოთ დამაგრებული ჯვარსადგამი. ჩიჩილაკს რთავდნენ სხვადასხვა ხილით, თხილის ჩურჩხელებით, კურკანტელის, სუროს ტოტებით, საზამთროდ შენახული ყურძნის აკიდოთი და სხვადასხვა ტკბილეულით. მოკაზმულ ჩიჩილაკს გამოსაჩენ ადგილას დადგამდნენ.
ცხემლის შეშით დაანთებდნენ ცეცხლს. შემდეგ ოჯახის ყველა წევრი სათითაოდ იღებდა ცხემლის თითო ტოტს, აგდებდა ცეცხლში და ამბობდა: “ცეცხლო, ღმერთმა მრავალი კალანდა გაგითენა შენი ბატონიანა”. ცხემლისჭრა საღამოს ოჯახის ყველა წევრი იბანავებდა და ადრე დაწვებოდა, რომ დილით არ დაჰგვიანებოდათ ადგომა. დილას, როდესაც გათენებას ორი საათი აკლდა, ყველა ადგებოდა, სწრაფად ჩაიცვამდნენ, ხელ-პირს დაიბანდნენ და გასალოცად მოემზადებოდნენ.
საკალანდო ღორი ყველა ოჯახში იკვლებოდა კალანდის წინა დღეს. ღორსაც და ყოველგვარ სხვა საკლავსაც აუცილებლად მამაკაცი კლავდა, რადგან გურიაში ამბობდნენ, “ქალის დაკლული უგემური იქნებაო”. უკაცო ოჯახში საკლავს პატარა ბიჭები ან მეზობლის მამაკაცები კლავდნენ. დაკლულ ღორს პირში ანთებულ მუგუზალს უდებდნენ, დაბალ ოთხფეხ სუფრაზე შემოდებდნენ, ცხელ წყალს გადაასხამდნენ. ღორის თავს და ზოგიერთ სხვა ნაწილს ქვაბში ჩაყრიდნენ მოსახარშად, ხოლო დანარჩენს დაამარილებდნენ და შეინახავდნენ. ცხემლისჭრა საღამოს ამზადებდნენ საფერხავ გობსაც. გობი (ხონჩა) განიერი და სუფთა უნდა ყოფილიყო. დებდნენ დედო პურს (საახალწლო სადილისთვის საგანგებოდ გამომცხვარ დიდ ყველიან ხაჭაპურს), ღორის თავს და საჯიქიოს – გაცეხვილი ღომის მარცვლით სავსე პატარა თიხის ქოთანს, რომელშიც იდო ქათმის მოუხარშავი კვერცხი, მოუხარშავი ქათამი, ოქროს ან ვერცხლის ფული – ზვარაკი. საზვარაკოდ ირჩევდნენ პატარა მამალს. ზვარაკს დაკლავდა ოჯახის უფროსი მამაკაცი, რომელიც წინასწარ დაილოცებოდა: “ღმერთო, მიიღეს ჩვენს ოჯახში მყოფელების საჯამრთელოდ და საკეთილდღეოდ ეს ზვარაკი და მოგვეცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა”. მამალი ისე უნდა დაეკლათ, რომ თავი ტანისთვის არ მოეცილებინათ. ყვინჩილას ახალ წელიწადს შეწვავდნენ და ოჯახის ყველა წევრი შეჭამდა. საფერხავის უმ კვერცხს გალოცვის შემდეგ დედალს ჩაუდებდნენ და ის ბუდეში ედო მთელი წლის განმავლობაში. დედო პურში ან ახალი წლის სადილისთვის დანიშნულ პურში ყველის ჩართვის დროს ჩადებდნენ სუფთა ვერცხლის ფულს, ცომს პირს მოუკრავდნენ და გამოაცხობდნენ. პურს გაჭრიდნენ ახალი წლის სადილზე იმდენ თანასწორ ნაწილად, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. ნაჭრებს დაარქმევდნენ ოჯახის წევრების სახელებს, ჩამოურიგებდნენ ყველას და ვის პურშიც ფული აღმოჩნდებოდა, ის ითვლებოდა იღბლიანად.
გალოცვის დაწყების დროს ოჯახის უფროსი მამაკაცი ან ოჯახის ერთ-ერთი წევრი გაიტანდა სახლიდან გობს, ჩიჩილაკს და ღვინის ჭურჭელს, გავიდოდა მარანში, ჭურს როგოს მოხდიდა, მოულოცავდა: “ჭურო, მრავალ ახალ წელიწადს დაესწარი, პატრონი კარგად გყოლოდესო” და ამოიღებდა ღვინოს. ჯერ გაავსებდა ღვინის ჭურჭელს, თავზე სიმინდის ფუჩეჩს დაახურავდა და დადგამდა საფერხავ გობთან, შემდეგ ამოიღებდა ახალ წელიწადს დასალევ ღვინოს დიდ ჭურჭელში, თავს დაახურავდა და ცალკე დადგამდა. მერე დაიჩოქებდა და სთხოვდა ღმერთს: “ღმერთო, მოგვეცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგად ყოფნა, ოქრო და ვერცხლი, უთვალავი რქოსანი საქონელი და ღორის ჯოგი, ქათამი, ბატი, იხვი ჯგროთ. მარანი ღვინით სამსე, ბეღელი პურით და ღვინით სამსე, ტყავი – ხორცით, ძვალი ტვინით სამსე, ნაჭუჭი გულით სამსე”. შემდეგ შემოაბრუნებდა საფერხავ გობს სამჯერ წაღმა, ადგებოდა და წამოვიდოდა სახლისაკენ. მივიდოდა კარებთან, დაუძახებდა დიასახლისს – “კარი გამიღე”. დიასახლისი კარის გაღებამდე სამჯერ ჰკითხავდა: “რა მოგაქვს?” მამაკაცი სამჯერვე უპასუხებდა: “კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგად ყოფნა, ოქრო, ვერცხლი უთვალავი, რქოსანი საქონელი და ღორი ჯგროთ. კარი გამიღე”. დიასახლისი ყველა სასიამოვნო სურვილს “გამოსტყუებდა” ოჯახის მამას და შემდეგ უღებდა კარს. იგი ახალი წლის მილოცვით შემოდიოდა, გობს დგამდა საახალწლო სუფრაზე და ყველანი ერთად სვამდნენ ახალი წლის სადღეგრძელოს. შემდეგ ოჯახის უფროსი შემოიტანდა ცხემლის შეშას. მას მორიგეობით მიჰყვებოდნენ ოჯახის წევრები, თითოეული იღებდა სამ-სამ ღერ შეშას, შეიტანდა შინ და მიულოცავდა ცეცხლს: “ცეცხლო, მრავალ ახალ წელიწადს დაესწარი, შენი პატრონი კარგად გყოლოდეს” და გადაიხარხარებდა, – “ხა-ხა-ხა”. ასევე მოიქცეოდა ოჯახის თითოეული წევრი სამ-სამჯერ, შემდეგ მივიდოდნენ გასალოც გობთან და ჩიჩილაკთან, დაიჩოქებდნენ და ოჯახის უფროსი მამაკაცი შესთხოვდა ღმერთს: – “ღმერთო, მოგვეცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგად ყოფნა”. გადაკოცნიდნენ ერთმანეთს და ტკბილეულს ჩაუდებდნენ პირში. ისროდნენ თოფს. შემდეგ ოჯახის უფროსი მამაკაცი მივიდოდა ცეცხლთან და შეუჩიჩხინებდა მუგუზალს ისე, რომ ნაპერწკლები ბლომად ავარდნილიყო და ულოცავდა: “ღმერთო, მომეცი ამდენი ძროხა, ქათამი, მშვიდობა და კარგად ყოფნა”.
,, აგუნაზე ჩამორება” ანუ აგუნას გადაძახება , რომელსაც თოფებისა და ფიშტოების სროლა მოჰყვებოდა ხოლმე .
– სიტყვა “აგუნა” მილოცვას, მიკვლევას ნიშნავს. ახალ წელიწადს საღამოს, დაღამებამდე ორი საათით ადრე, სოფელში ყველა ოჯახში იცოდნენ “აგუნას” გადაძახება – შეიკრიბებოდნენ მეზობლები ხუთიდან ათ კაცამდე, წაიღებდნენ ცულს და წავიდოდნენ ისეთ ადგილას, სადაც საწნახელი იდგა, მიიტანდნენ გობს, რომელზეც ეწყო ღორის თავი, სააგუნე ხაჭაპური და ერთი დოქი ღვინო. ოჯახის უფროსი შუა მარანში ჭურის თავზე გობს დადგამდა, “სამ ღერ” შინ ჩამოქნილ წმინდა სანთელს გობის სხვადასხვა კუთხეში მიამაგრებდა და აანთებდა, გობს სამჯერ შემოაბრუნებდა და ღმერთს ხმამაღლა შესთხოვდა, მშვიდობის წელიწადი გაეთენებინა მისი ოჯახისათვის. შემდეგ იწყებოდა აგუნას გადაძახება. იგი სიმღერით სრულდებოდა და ერთ საათს გრძელდებოდა. ამით მთავრდებოდა გურიაში კალანდა დღე.
კალანდა გურულებისთვის განსაკუთრებული დღეა ,მინდა მთელ საქართველოს მივულოცო . ეს წელი ჯანმრთელობის , სიმშვიდის , ბარაქისა და სიუხვის წელი ყოფილიყოს!