უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC), გაეროსა და უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით მიმართა, რომელიც, სავარაუდოდ, დასახიჩრებულ და მოკლულ უკრაინელ ტყვეს ასახავს.
ამის შესახებ ლუბინეცი თავის Telegram-არხზე წერს.
“ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვის სხეულს ასახავს, რომელსაც რუსებმა თავი და კიდურები მოაჭრეს.
ეს არაა მხოლოდ სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის დარღვევა, ეს არაადამიანების ქცევაა! აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, დაუშვებელია ნებისმიერი სამხედრო ტყვიის ფიზიკური დასახიჩრება, ძალადობა ან მკვლელობა”. – წერს ლუბინეცი.
ლუბინეცი გაეროსა და წითელ ჯვრისგან ითხოვს, რომ მათ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მორიგი დარღვევა აღრიცხონ, ხოლო უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ მოკლული ტყვის ვინაობა და დანაშაულის ჩადენის ფაქტი გადაამოწმონ
ომბუდსმენის აზრით, მსგავსი ფოტოების გავრცელებით რუსეთი უკრაინელი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების დაშინებას ისახავს მიზნად.