“ირაკლი კობახიძე, რომ პერსონალურად ცუდად დაამთავრებს, ეს არ არის ჩვენთვის შეღავათი, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, არჩვენებზე მივიდეთ და დავიცვათ ჩვენი ხმები“, – ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი იმის, რომ “ოცნება“ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს.
კორძაიას მტკიცებით, თუ ხელისუფლებას დავალება ექნება ივანიშვილისგან, რომ დაიჭიროს ოპოზიციის ლიდერები, ისინი ამას გააკეთებენ.
”დიდი ხანია, ოცნება იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი. მრჩება შთაბეჭდილება, ბიძინას ჰქონდა შეტევა და ითხოვდა, არავინ დავინახოო და მერე ეს კონვერტირდა კობახიძის, წილოსანის და სხვების გზავნილებში, რომ თურმე პარტიებიც უნდა გააუქმონ, შემდეგ მანდატებიც გაუუქმონ პარლამენტის წევრებს, თუ ეს დავალება ექნებათ მათ, წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ხანდახან ფიქრობთ ხომ, ამის იქით რა შეიძლება გააკეთონ?მაგრამ ყოველთვის უარესს აკეთებენ.
ვხედავთ რომ ხელისუფლება ყოველდღიურად უფრო ბრუტალური ხდება, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ესენი ჩაატარებენ არჩევნებს და ქართველი ამომრჩეველის არჩევანს შეეგუებიან“,- ამბობს კორძაია და მოუწოდებს ყველა ამომრჩეველს, დაიცვან საკუთარი არჩევანი.
”ჩვენ ვხედავთ , რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მანდატების გაუქმებას აანონსებს, მაგრამ თუ მას დავალება ექნება ივანიშვილისგან, რომ დაიჭიროს ოპოზიციის ლიდერები, ის ამას გააკეთებს. მათთვის უკვე ზღვარი არ არსებობს, მთელი მათი კამპანია აგებულია ზიზღზე, მტრობაზე და განადგურებაზე, ეს რუსული კანონიც ამის დასტურია, რომელიც ანადგურებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიაში და იბრძვიან ამ ქვეყნის მომავლისთვის. ახლა გადავიდნენ უკვე პოლიტიკოსებზე. ირაკლი კობახიძე, რომ პერსონალურად ცუდად დაამთავრებს, ეს არ არის ჩვენთვის შეღავათი, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, არჩევნებზე მივიდეთ და დავიცვათ ჩვენი ხმები“,- განაცხადა კორძაიამ.