პარტიების აკრძალვები დემოკრატიულ სახელმწიფოში არის განცხადება ავტორიტარიზმისაკენ,- ასე აფასებს “ოცნების“ განცხადებას, ოპოზიციის აკრძალვასა და მათთვის მანდატების წართმევაზე, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ტვ პირველის“ ეთერში.
ზაქარეიშვილის მტკიცებით, ის, რომ მათ უნდათ დაასრულონ ოპოზიცია და თვითონ მართონ ქვეყანა, “არის ნაბიჯი, პრაქტიკულად, სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ.“
”ნახევარი მოსახლეობა, ვინც ხმას მისცემს ოპოზიციას, ყველა ხდება სახელმწიფოს მტერი . ესენი ვერ აიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, მაგრამ რომ აეღოთ ეს მერე უნდა ეთქვათ, რა საჭირო იყო, ახლა ამის გაცხადება. თუმცა, რადგან ასეთ განცხდებას აკეთებენ, ერთადერთი ლოგიკური აზრი არის ის, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ არ მივიღოთ ევროპული სიკეთეები და დავკარგოთ ისიც, რაც გვაქვს. ეს არის წმინდა წყლის ანტიევროპული ნაბიჯი, ეს არის წინასწარი გაცხადებული სამოქალაქო დაპირისპირება, პოლარიზაცია, რასაც ასე საშინლად, უტიფრად და სამწუხაროდ, წარმატებით ახორციელებს “ოცნება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგი, არ გამორიცხავს, რომ “ოცნებამ“ რეპრესიები დაიწყოს და ვინმეს რამე დააბრალოს, ან მოუგონოს.
”ამით “ქართული ოცნება“ პირობას აყენებს და ქმნის, თავს მისცეს უფლება, სისხლი დაღვაროს, ძალიან საშიშ განცხადებად მიმაჩნია ეს. ამით ისინი ხდებიან ომის პარტია. შეიძლება ვინმეს რამე დააბრალონ, მოიგონონ და შემდეგ დაიწყონ რეპრესიები. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ისინი სასტიკად დამარცხდებიან, ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფო დამარცხდება უფრო მეტად. ჩვენ დავკარგავთ პერსპექტივებს უახლოეს ხანში ნატოსა და ევროკავშირში მოძრაობის. ეს არის ყველაზე ბოროტი გადაწყვეტილება, ვიდრე მათი დანარჩენი სხვა განცხადება“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ “ოცნება” სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ “საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.