ბერიძეები გურიაში, პირველი პოეტი ქალი ვომიჯინა ბერიძე და ბორისოვ-ბერიძეები

გურიაში ბერიძეები დაწინაურებული გვარი გახლდათ, რისი დასტურია ის, რომ გიორგი III გურიელის კარზე ამ გვარის წარმომადგენლებს ორი სახელო (თანამდებობა) ეკავათ, გურიელის სიგელის მოწმეები არიან – სახლთუხუცესი ოთარ ბერიძე და მესტუმრეთუხუცესი გიორგი ბერიძე. 1664 წლიდან გურიელის კარზე ბერიძეების თანამდებობები ნაკაშიძეებმა დაიკავეს და ბერიძეების გვარის დამცრობაც ასე დაიწყო.
.
ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს გეოგრაფიაში“ ბერიძეებს გურულ დიდგვაროვნებში ასახელებს: „გურიისათჳს: ხოლო გურიას გურიელი, იგიცა თჳთ ჰფლობს და იტყვის ვარდანის ძეობასა და სხვანი მის ქვეშენი არიან ესენი: თადგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდამ, შარვაშიძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე და სხვანი, ეგრეთვე აზნაურნიცა“.
.
ამავე გვარის წარმომადგენელი იყო ჯუმათელი ეპისკოპოსიც, შემოქმედის გულანის 1687 წლის ქრონიკის მიხედვით – „აქა ჯუმათელი ინე ბერიძე დაჯდა ჯუმათლად“. (ვახუშტის მიხედვით იოანე ბერიძე ჯუმათელი ეპისკოპოსია 1688 წელს).
.
ბაქრაძის აღწერით აცანაში ოქონის ეკლესიის ვერცხლის ჩარჩოიან ხატზე დატანილი იყო წარწერა – „ქ. ნებითა ღვთისითა მე, ბერიძემან გიორგი, მოვაჭედინე წმინდა პატიოსანი ხატი ფერიცვალებისა ჩემდა ამ სოფლის სადღეგრძელოდ და საოხად, ამინ კირილეისონ.“
.
ვახუშტი ბატონიშვილი თავის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ასევე იხსენიებს ბერიძის ციხეს – „ბახვის წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა, სამხრითკენ მას ზეით ხეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი“. ბერიძის ციხე (“Saberitzeo”) აღნიშნულია ფრანგი ასტრონომის, გეოგრაფის და კარტოგრაფის ჟოზეფ ნიკოლა დელილის 1766 წლის რუკაზე.
.
მე-17 საუკუნეში ბერიძეების გვარის დაწინაურების დასტურია 1634 წელს გურიაში ჩამოსული კრისტოფერო დე კასტელის ალბომში არსებული ნახატი დასათაურებით – „პოეტი ვომინიჯა ბერიძე“. ნახატზე კასტელს ასევე აქვს მინაწერი:
.
„ეს ქალბატონი დედობას მიწევდა. ბევრი მოწყალება მომცა, მრავალ შემთხვევაში ხელი შემიწყო. ჩვენი მწერალი იყო, როცა რაიმე მნიშვნელოვანი წერილის მიწერა გვინდოდა მეფესთან, დედოფალთან, აგრეთვე სხვასთანაც, სადაც წყალობით ვცხოვრობდით. ამ ქალბატონის სახლში მოვნათლე 10 ბავშვი“.
.
„კეთილშობილი გურიის თავადის მეუღლე პოეტი ვომიჯინა ბერიძე, დიდად ნიჭიერი და სხვადასხვა სათნოებით სახელგანთქმული“.
.
კასტელის ინფორმაცია საინტერესოა იმითაც, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს გახლავთ ინფორმაცია პირველ ქართველ პოეტ ქალზე, ასევე საინტერესოა იმითაც, რომ ასახულია იმდროინდელ გურიაში ზოგადად ქალების განსაკუთრებულ მდგომარეობა.
.
ასევე საინტერესოა ბერიძეები გვარის ერთი განშტოება – ბერიძე-ბორისოვი, რომელიც დეკანოზ რომანოზ ბერიძის ოჯახიდან მოდის და გვხვდება ამ გვარის რუს დიგვაროვნებისა და საეკლესიო პირების ნუსხებში. სავარაუდოდ ბორისოვ-ბერიძეები გურული ბერიძეების განშტოებაა.
.
დიმიტრი ბაქრაძე – არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში
ვახუშტი ბატონიშვილი – „საქართველოს გეოგრაფიაში“
ნახატი კრისტოფერო დე კასტელის ალბომიდან – პოეტი ვომიჯინა ბერიძე
შეიძლება იყოს რუკა და ტექსტი-(ი)ს ნაჯღაბნი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share