აკეთელი გლეხები თავიანთ სკოლაში თავადაზნაურთა და სასულიერო პირების შვილებს არ უშვებდნენ

1860-იანი წლებიდან გურიის სოფლებში იწყება ორკლასიანი სასწავლებლების შექმნა, განსაკუთრებით სკოლების საკითხი გააქტიურდა 1890-იანი წლების ბოლოს. იმდროინდელი ქართული პრესა სავსეა ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც გურიის მოსახლეობა სწირავდა სკოლის მიწის ნაკვეთებს, საშენ მასალას, ფულს და ა.შ. საქმე ისე წავიდა, რომ გლეხებმა განათლების მიღების საქმეში თავადაზნაურობასა და სასულიერო პირების ოჯახებსაც გაასწრეს და მათ მიერ შექმნილ სკოლებში მაღალი წოდების პირთა შვილებს არ უშვებდნენ. გთავაზობთ 1897 წელს გაზეთ ცნობის ფურცელში გამოქვეყნებულ წერილს:
“აკეთის ორკლასიან სასწავლებელს გლეხობა ინახავს თავის ხარჯითა. ამიტომ შიგ მარტო გლეხობის შვილებს იღებენ. თავად-აზნაურობისა და სასულიერო წოდების შვილებს ადგილიც, რომ იყოს მაინც არ ღებულობენ სკოლაში. 100 კომლი თავად-აზნაურობა მოკლებულია სკოლას. ბავშვებს თავისს სოფელში პირველ დაწყებითის სწავლების მიღებაც არ შეუძლიათ. ისეთ სკოლად სადაც ყველა წოდების ბავშვებისათვის იქნება კარები ღია, სამრევლო სკოლა უნდა ჩაითვალოს.
.
ამიტომ ადგილობრივმა მემამულემ თ. ნ. თავდგირიძემ უკვე ხელისმოწერა გამართა, რომ ამ სახით საჭირო თანხა შეგროვდეს მომავალი სამრევლო სკოლის ასაშენებლად. იმედი აქვსთ, რომ მომავალ ენკენისთვისთვის სახლიც შეიძნონ სკოლისათვის და შიგ სწავლაც გააჩაღონ. უეჭველია, ადგილობრივი თავადაზნაურობა ჩვეულებრივი მხნეობით მოეკიდება ამ საშვილიშვილო საქმესა, ერთმანეთს მხარს მისცემენ და ერთს თავისს გაჭირვებას სათანადო მალამოს დაადებენ.”
.
გაზეთი ცნობის ფურცელი 1897 წელი 10 აგვისტო
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share