როცა გურიის მადნეულზე ვსაუბრობთ მხრივ პირველ რიგში გასათვალისწინებელია ტოპონიმიკა, ამ მხრივ საინტერესოა „ოქროს ქედი“ „ვანის ქედი“ და ზოგადად ამავე დასახლებული პუქნტების მომცველი მხარის ძველი დასახელება „ასკანა“. აღსანიშნავია, რომ სიტყვა „ვანი“ ურარტული წარმოშობის გახლავთ და ნიშნავს დასახლებულ პუნქტს ან სოფელს. იგივე დანიშნულებით ეს სიტყვა გადასულია სომხურში – „ვანიკ“. ვანი როგორც დასახლებული პქუნტის აღმნიშვნელი დღევანდელი ქართულ ტოპონიმიკაში ხშირად გვხვდება, მათ შორის არის გურიის ტერიტორიაზე – ვანი, ვანის ქედი, დიდი ვანი. ანუ ფაქტია, რომ ასკანის ტერიტორიაზე ფიქსირდება ურარტული წარმომავლობის ტოპონიმი.
.
აქვე ისმის კითხვა შეიძლება თუ არა დასახელება „ასკანა“-ს რაიმე კავშირი ჰქონდეს ოქროსთან, რა დროსაც საინტერესოა, რომ ურარტულ ენაზე ოქრო დასახელება არის – გუსკინ-ჰუსკინ (GUSKIN – Меликишвили Г. А. Урартские клинообразные надписи), იგივე ენიდან ოქროს დასახლება გადასული უნდა იყოს სომხურში – „ვოსკან“. შესაბამისად თავად განსაჯეთ შეიძლება თუ არა რაიმე კავშირს ჰქონდეს ადგილი სიყვებს შორის.
.
დიმიტრი ბაქრაძის მიხედვით – ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში ზაგროსის მთიანეთსა და მთიანი არმენიის შუა არსებობდა ქვეყანა დასახლებით ასკანა, რომლის მთავარ ქალაქს ასევე ასკანა ერქვა, ხალხს კი ასკანელებად იწოდებოდნენ. მისივე ცნობით ბითინიაში (ისტორიული ოლქი მცირე აზიაში, ბოსფორის სრუტისა და მარმარილოს ზღვის აზიის სანაპირო) „ასკანა“ ერქვა ქალაქს, თემს, ტბას და მდინარეს” (დ. ბარაძე “საქართველო ისტორიული მიმოხილვა” 1871 წელი).
.
ბუნებრიავია ისმის კითხვა არის თუ არა ასკანაში ან მის მახლობლად ოქრო ან რაიმე სხვა მადანი? ამ მხრივ საინტერესოა, რომ რუსებმა საქართველოში შემოსვლისთანავე დაიწყეს საქართველოს გეოლოგიური შესწავლა. ამ საქმის პიონერი გახლდათ ინგლისელ ინჟინერ-მექანიკოსი მაკსვილი, რომელიც თავის პატაკში (1805 წლის 13 აგვისტო) თავად ციციანოვს წერს, რომ დასავლეთ საქართველოს მადნეულის შესწავლის მიზნით ექსპედიცია ძალიან წარმატებული გამოდგა. ასევე წერს, რომ სამეგრელოს შესწავლის შემდეგ 14 აპრილს გაემგზავრა გურიელში (გურიაში), რისი ნებართვაც მან მიიღო გურიის მფლობელის ქაიხოსრო გურიელისაგან, რაშიც მას ლიტვინოვი დაეხმარა. პატაკის იხედვით ინჟინერი გურიაში ჩავიდა 1805 წლის 18 აპრილს და ჩასვლისთანავე დაიწყო მადნეულის შესწავლა. სადაც მან მისივე თქმით აღმოაჩინა სპილენძის მადანი სოფელ ასკანის მახლობლად (ასევე წერს, რომ სპილენძი აღმოჩენილი იქნა გორისფერდთან და მისგან 5 ვერსტის მოშორებით სოფელ კატოზელში).
.
მაკსვილი პატაკში ასევე აღნიშნავს: „გურიელის ადგილმდებრეობა თავსთავად ძალიან ხელსაყრელია ქარხნების ასაშენებლად, რადგანაც ამისათვის საჭირო ხეტყე და წყალი აქ საჭიროზე მეტია.“ (Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею 1868 г.).
.
1821 წელს კავკასიის მთავარმართებლის გენერალ ერმოლოვის ბრძანებით, საქართველოში სამთო საქმის ხელმძღვანელმა კარპინსკიმ ისევ დაიწყო კოლხეთის მეფეების ოქროს ძებნა და ამ მიზნით გეოლოგიურად შეისწავლა სამეგრელო, გურია და იმერეთი.
.
ოზურგეთში მყოფ კარპინსკის აცნობეს, რომ ოზურგეთიდან 15 ვერსტზე, ასკანის ციხესიმაგრის მახლობლად მდებარეობდა ვრცელი მაღლობი, რომელსაც თათრები ეძახოდნენ „ჩიზილ-დაგ“-ს, ხოლო ქართველები „ოქროს ქედს“, ადგილმდებარეობის დასახლებამ გეოლოგებს მიაღებინათ გადაწყვეტილება შეესწავლათ “ოქროს ქედი”. კარპინსკიმ ზედმიწევნით შეისწავლა მთის შემადგენლობა, რა დროსაც დაადგინა, რომ მთა შედგებოდა თიხნარი პლასტის ფიქლებისაგან (пласти глинистого сланца), რომელშიც თხელ ფანებად აღმოაჩინა რკინის ოქსიდის ჰიდრატის დანალექები, ასევე დაადგინა, რომ მთის შემადგენლობა ასევე შედგებოდა ქვიშრობი ქვებისა და ყვითელი თიხისაგან, რომელშიც მოფენილი იყო დიდრონი რკინის პირიტის მასები.
.
მოკლედ კაპინსკიმ ვერც ოქროს ქედის ტერიტორიაზე და ვერც სხვაგან გურიაში ოქრო ვერ იპოვა. თუმცა ოქრო ასკანიდან ძალიან ახლოს იპოვეს მეოცე საკუნის დასაწყისში, რის დასამტკიცებლად საკმარისია 1982 წლის 12 თებერვალს „Госгеолката СССР“-ს მიერ მოწონებულის რუკა, რომლზეც მდინარეების ბახვისწყალსა და ნატანებს შორის ასკანასთან ახლოს დატანილია ნიშანი AU (Aurum) ანუ ოქრო.
.
აქვე აღსანიშნავია, რომ მთიანი გურია რეგიონი ადრეულ ეპოქაში საკმაოდ მჭიდროდ ჩანს დასახლებული. ძირითადად ყურადღების სფეროში ექცევა ამ მხარის ბრინჯაოს ხანაში სამოსახლოდ ათვისების საკითხი. თუმცა მთიანი გურია დასახლებული უნდა იყოს ქვის ხანიდან მოყოლებული. არსებული მასალების მიხედვით, ზემო გურიის განსახლება ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში. დღევანდელი გურიის ტერიტორიის მთიანი ნაწილი უფრო ადრეულ ეპოქაშია დასახლებული ვიდრე გურიის ბარი. და მთიან გურიაში დასახლებები უნდა მომხდარიყო სამხრეთ საქართველოდან.
.
ამასთანავე მთიანი გურიის დასახლება მადნეულის წარმოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რადგანაც ძველი სამოსახლოს ნაშთები უშუალოდ მიკვლეულია სპილენძის საბადოებთან ახლოს: ზოტი (მდ. გუბაზეულის ხეობა და ბარამიძეების წყალი), ვაკიჯვარი-ქორისბუდე (ოზურგეთის რ-ნი, მდ. ნატანების ხეობა), ვაკიჯვარი (ოთოგვანის ნამოსახლარი), ფამფალეთი (ვაკიჯვრის თემი). სავარაუდოდ აღნიშნულ დასახლებათა წარმოქმნა შესაძლოა ადგილობრივი სპილენძის საბადოების მიმართ უძველესი მოსახლეობის გარკვეულმა ინტერესებმა განაპირობეს, რომლებიც ძირითადად ორიენტირებული უნდა ყოფილიყვნენ სამთომეტალურგიასთან დაკავშირებულ პროფესიულ საქმიანობაზე.
.
ასკანასთან ახლოს ვაკიჯვარში არსებულ ადგილ ქორბუდესთან მიკვლეული საბადო თარიღდება (თარიღდება ძვ. წ. II-I სს), სადაც აღმოჩენილა 24 ერთეული სპილენძის ზოდი, რომელთაგან ზოგიერთის წონა 70-80 კილოგრამს აღწევს. ხსენებულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ ქორბუდეში ხდებოდა მადნის მოპოვება, მისი პირველადი გადამუშავება და ლითონის ზოდების სახით ჩამოსხმა. ასევე აღმოჩენილია მოპოვებული და ჩამოსხმული სპილენძის ზოდებისა და მადნის სამსხვრევი უროები, რომლებიც დაცულია ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
.
ასევე აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის რკინის სბადოების და საამქროები ექდია-ანასეულის ტერიტორიაზე – „რკინის დნობის შედეგად დარჩენილი ნაშთები გვხვდება ანასეულის და სოფელ ექადიის მთელ ტერიტორიაზე. აქ ორმოცდაათზე მეტი ასეთი ნარჩენების თავმოყრის პუქნტია ამჟამინდელი ანასეულის სასაფლაოსთან არსებული ბამბუკების ტევრში. ორი მათგანზე გათხრების წარმოებისას დადასტურდა, რომ ნარჩნები მიეკუთვნებოდა იქვე არსებულ რკინის გადამამუშავებელ სახელოსნოს.“ (Материалы по археологии Грузии и Кавказа. том 1 -1955)
.
– 1982 წლის 12 თებერვალს „Госгеолката СССР“-ს მიერ მოწონებულ რუკა
.
სხვა წყაროები:
– დომენტი ქორიძე – კოლხური კულტურის ისტორიისათვის: არქეოლოგიური მასალები 1965 წელი;
– გივი ინანიშვილი, ლერი ჯიბლაძე – კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის 2019 წელი;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა