ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბერს სულ 3030 უბანი გაიხსნება, საიდანაც 2262 ელექტრონული იქნება, ხოლო 768 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება.
გარდა ამისა, იოსელიანის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ცესკოს განკარგულებით, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიც დაინიშნა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 26 ოქტომბერს გაიმართება.
“დღესვე ცესკო მიიღო განკარგულება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ.
ცესკომ ასევე მიიღო განკარგულებები, როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე საკრებულოების შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების დადგენის თაობაზე. დღევანდელ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტები განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნონ აღნიშნულ ინფორმაციას”, – აღნიშნა იოსელიანმა.
გარდა ამისა, ცესკოში განმარტავენ, რომ დღეიდან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა.
“ამასთან, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას. პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი, რომელიც ეფუძნება 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიმუშავა და გაუგზავნა პოლიტიკურ პარტიებს მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით. კოდექსზე ხელმოწერა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება.
არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება. მაგრამ აქვე გვინდა, მოვუწოდოთ არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ამომრჩევლებს, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რადგან არჩევნები საერთო საქმეა”, – თქვა იოსელიანმა.
დღეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა.