რუსეთში ფილმი Brokeback Mountain აკრძალეს და პირატულ ვებსაიტებზეც დაბლოკეს

რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამერიკული ფილმი Brokeback Mountain (კუზიანი მთა) რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორმა) პირატულ ვებსაიტებზე დაბლოკა. უფრო ადრე ფილმი, LGBT თემატიკის გამო, როსკომნადზორის აკრძალულ ფილმთა  სიაში მოხვდა, რის გამოც მისი ჩვენება კინოთეატრებსა და ავტორიზებულ სტრიმინგ საიტებზე აიკრძალა.

2023 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში LGBT პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ როსკომნადზორმა მოამზადა იმ ფილმებისა და ტელესერიალების სია, რომლებიც ქვეყანაში აიკრძალებოდა. მათ შორის იყო Brokeback Mountain. 

კანონი, რომელიც წიგნებში, რეკლამებში, მედიასა და კინოში LGBT-ის, პედოფილიისა და სქესის შეცვლის “პროპაგანდას” კრძალავს, რუსეთში ძალაში 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა. ის, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ამგვარი “პროპაგანდა”, დღემდე განმარტებული არ არის.

ტაივანელი ანგ ლის რეჟისორობით 2005 წელს გადაღებული Brokeback Mountain, რომელიც ორი ქოუბოის სიყვარულის ისტორიას გადმოსცემს, 2006 წლის ოსკარის 78-ე დაჯილდოების ცერემონიაზე 8 ოსკარზე იყო ნომინირებული, რომელთაგანაც 3 მოიგო. ფილმში ცნობილი ამერიკელი მსახიობები, ჰიტ ლეჯერი და ჯეიკ ჯილენჰოლი ოსტატურად გადმოსცემენ ეპოქის წნეხის ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანის განცდებსა და ტკივილს, მათ აკრძალულ სიყვარულსა და უიმედო ურთიერთობას.

SKIP 2
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share