ორგანიზაციის შეფასებით, კანონის მიღება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას. Freedom House მოუწოდებს მთავრობას, შეცვალოს კურსი.
“ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის დღე ვანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც არის თავდასხმა საქართველოს LGBT+ თემზე და ყველა ქართველის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე.
ეს ნაბიჯი, ისევე როგორც მაისში “უცხოელ აგენტებზე” კანონის მიღება, პირდაპირ არის ამოღებული კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან და კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს კურსი”, – ნათქვამია განცხადებაში.
კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.