სულხან ზუმბურიძის კომპანია “პარვუს ჯგუფს” ადგილობრივები ტყუილსა და უნებართვო მშენებლობებში, ასევე ადგილობრივი ინფრასტრუქტურისათვის მიყენებულ უზარმაზარ ზარალში ადანაშაულებენ.
ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ კომპანიამ ყველასათვის მალულად, უნებართვოდ, ღამით, კოკისპირული წვიმის დროს მალულად ქალაქ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის ეზოში ჩადგა ქსელური მოწყობილობა, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს გამოსხივების გამო დიდ საფრთხეს უქმნის.
დღეს სკოლის ეზოსთან, სადაც შემკრები ნაგებობაა დამონტაჟებული ახლომახლო მაცხოვრებელი ასამდე ადამიანი შეიკრიბა და ამ ნაგებობის სასწრაფო დემონტაჟი მოითხოვა.
მშობლები აცხადებენ, რომ სანამ ეს ნაგებობა სკოლის ეზოში იქნება ბავშვებს სკოლაში არ გაუშვებენ.
ადგილზე მისულ ჟურნალისტებს სკოლის ხელმძღვაბნელობა არ გამოუჩნდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ სკოლის ეზოში ზუმბურიძემ ნაგებობა ნებართვის გარეშე, უკანონოდ ჩადგა.
საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან დაიწყო. პროექტი ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” ახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.
კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”.
კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.
კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.
ვრცლად მოგვიანებით