მსოფლიო სავაჭრო პლატფორმა Temu გამოძიებისა და ბრალდებების სამიზნე ხდება. ონლაინ-გაყიდვების ჩინურ გიგანტს უამრავ ქვეყანაში ბრალდებებს უყენებენ, შეერთებულ შტატებში კი გამოძიებაც კი დაიწყო. კრიტიკის მთავარი მიზეზი ჩინურ პლატფორმაზე შეძენილი ნივთების ხარისხი და მათი შემადგენლობის უსაფრთხოებაა. მედიკოსები ბევრ ქვეყანაში ამტკიცებენ, რომ “თიმუზე” შეძენილი ნივთები ხშირ შემთხვევაში სახიფათო ქიმიკატებს შეიცავს.
ბრიტანულმა გამოცემა SUN-მა საგამოძიებო რეპორტაჟი გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი ცნობილი ლაბორატორიის წამყვანი ქიმიკოსი ამავე პლატფორმაზე ნაყიდი სამკაულის – ყელსაბამის ლაბორატორიული ანალიზის საგანგაშო შედეგებზე საუბრობს:
“ყელსაბამს ლაბორატორიული კვლევა ჩავუტარეთ და მისი შემდგენლობაში დასაშვებზე ორჯერ მეტი რაოდენობის ტყვიაა და 27-ჯერ მეტი რაოდენობის კადმიუმია. ტყვია თვეების განმავლობაში გროვდება ადამიანის ორგანიზმში, თუმცა მისი მცირე რაოდენობის მოხვედრასაც კი შეუძლია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შექმნა, მათ შორის ნაადრევი მშობიარობის გამოწვევა.”
ქართველი ინფექციონისტი გიორგი ფხაკაძე საჯარო ვიდეომიმართვაში მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არ ენდონ იაფფასიან ნივთებს.
Temu-ს ადმინისტრაცია ყველა ბრალდებას უარყოფს. პლატფორმის დამფუძნებლები ამტკიცებენ, რომ ყველა პროდუქტი შემოწმებულია და თავადაც მზად არიან, ნებისმიერ ექსპერტიზასთან ითანამშრომლონ.
ონლაინ პლატფორმა 2021 წელს დაარსდა და ამ დროისთვის მისი გაყიდვები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვა პოპულარულ საიტებსაც უსწრებს. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იწერს და იღებს ძალიან დაბალფასიან პროდუქციას ჩინეთიდან. პლატფორმის დამფუძნებელი კი ჩინეთში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. კომპანიის მფლობელობაშია ონლაინ პლატფორმა “პინდუდუც”, რომელიც ასევე პოპულარულია, როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში.