ევროკავშირი მზად არის, გააუქმოს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კონტინენტზე თავისუფლად მოგზაურობის უფლებას ანიჭებს, – ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ეს ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრობისთვის ოდესღაც ყველაზე პერსპექტიული ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვანი რღვევის ნიშანია.
ხუთშაბათს POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, “ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციურად დროებით შეჩერების ჩათვლით”.
“ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის პრევენცია”, – განაცხადა პრესსპიკერმა.
გამოცემა სტატიაში აქციების დარბევაზე, დისკრიმინაციულ კანონებსა და მის მწვავე შედეგზეც საუბრობს. აქვე, ნახსენებია, კესარია აბრამიძის მკვლელობაც.