ყირიმის ომი და გურია – შეკვეთილის სიმაგრის დაცემა და საზღვაო ბრძოლები

ყირიმის ომი 1853 წელს 11 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს დაესხა თურქები რუსულ საგუშაგოებს დუნაის შესართავთან. რამდენიმე დღის შემდეგ 15-16 ოქტომბრის ღამეს, თურქების ხუთი ბატალიონი დაახლოებით 5000 ჯარისკაცი ჩურუკსუელი (ქობულეთი) ჰასან და ალი ბეგ თავდგირიძეებისა და დედე აღას მეთაურობით თავს დაესხა შეკვეთილში მდინარე ნატანების ზღვის შესართავთან არსებულ წმინდა ნიკოლოზის ფორტს.
ფორტს იცავდა კაპიტან შერჩაკოვის ორი რუსული ასეული და გურიის მილიცია 345 კაცის შემადგენლობით გიორგი გურიელის მეთაურობით, სულ 500 კაცი. ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და დამთავრდა 16 ოქტომბრის დილას თურქების გამარჯვებით. რუსეთის არმიის და ქართული მილიციის დანაკარგებმა შეადგინა დაახლოებით 100 მებრძოლი, მათ შორის დაიღუპა კაპიტანი შერჩაკოვი და გიორგი გურიელი, ტყვედ ჩავარდა 80 ჯარისკაცი. ოსმალთა დანაკარგებმა შეადგინა 32 მოკლული და 59 დაჭრილი.
16 ოქტომბერს, ფორტის დაკარგვის შესახებ არაფერი არ იცოდნენ რუსული მხარის წარმომადგენლებმა.
18 ოქტომბერს ფორტის გარნიზონის გასაძლიერებლად რუსებმა ორი ასეული და თბომავალი ფრეგატი ,,კოლხიდა,, გაგზავნა შეკვეთილში.
ფრეგატი დანიშნულების ადგილზე 20 ოქტობერს ადრე დილით მივიდა, ვინაიდან რუსებმა ფორტის დაკარგვის შესახებ არაფერი არ იცოდნენ პირდაპირ ნავმისადგომისკენ წავიდნენ. ასეთი ზომის გემი შეკვეთილის ნავმისადგომზე მანამდე ნამყოფი არ იყო და რუსებმაც არ გაითვალისწინეს წყლის სიღრმე და ფრეგატი ქიმით ქვიშაზე – ნაპირიდან 150 მეტრის მოშორებით, პირდაპირ თურქული სანაპირო არტილერიის პირისპირ დაჯდა.
სრულიად მოულოდნელად გამოჩენილ უმოძრაო ფრეგატს თურქების არტილერია სამი საათის განმალობაში უმოწყალოდ ბომბავდა. რუსებმა საპასუხი ცეცხლის გახსნა მხოლოდ თოფებიდან შეძლეს რადგანაც ფრეგატს ქიმზე ზარბაზნები არ ჰქონდა. რუსული წყაროების მიხედვით თურქული არტილერიის სამსაათიანი ცეცხლის შედეგად ფრეგატმა კორპუსის წყლისზედა ნაწილზე 120 ნახვრეტი მიიღო. რუსები გემის მეჩეჩიდან მოსასხნელად იძულებულნი გახდნენ ბორტიდან გადაეყარათ ღუზა, ჯაჭვები, ნახშირი და ასევე მოეჭრათ და ბორტიდან გადაეგდოთ ქიმის ანძა, რის შემდეგაც მოახერხეს ფრეგატის ზღვაში გაყვანა, ბრძოლის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ათეული ჯარისკაცი, დაზიანებულმა ფრეგატმა ძვლივს მიაღწია სოხუმამდე.
წმინდა ნიკოლოზის ფორტის დაკარგვა და „კოლხიდას“ მარცხი რუსებმა ძალიან მტკივნეულად აღიქვეს და ნიკოლოზ პირველის ბრძანებით გადაწყდა დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ დანკარგი. 1853 წლის 7 ნოემბერს ადმირალ ლაზარ სერებრიაკოვის მეთაურობით რუსული ესკადრა (შემადგენლობით – ფრეგატები „მესემვრვია“ და „სიზოპოლი“, კორვეტები „ანდრომედა“ და „პილადი“, ბრიგი „პტოლემეუსი“, თბომავალ-ფრეგატი „ხერსონესი“, სამი თბომავალი „მოგუჩი“ „ბოეცი“ და „მოლოდეცი“, ასევე კაზაკების 8 სადესანტო ნავი) თავს დაესხა წმინდა ნიკოლოზის ფორტს. რუსების ფლოტისა და თურქების სანაპირო დაცვის ერთდღიანი საარტილერიო ბრძოლა იმით დამთავრდა, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს ნაპირზე დესანტის გადასხმა და იძულებულნი გახდნენ ხელი აეღოთ ფორტის აღებაზე.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share