“ამ დროისათვის ნიკოლაევსკი წარმოადგენდა არაფერ სხვას თუ არა ქვიშის ბორცვს, რომელზეც დგას საბაჟო ზასტავა, კარანტინი, პროვიანტის მაღაზია და ყაზარმა 30 ჯარისკაცზე, დარაჯებისათვის. ქვემოთ მიედინება მ. ნატანება, რომელიც იქვე უერთდება მდინარე ჩოლოქს, რომლის მეორე მხარეს უკვე თურქეთის სანაპიროა, სადაც აშენებულია დიდი ყავახანა, თუქული გემებისა და ბარკასების სადგომით. ჩვეულებრივ დროს ნატანები მეჩხერწყლიანია და მისი გადალახვა ფონით შესაძლებელია, მდინარის ზღვასთან შესართავი წყალუხვობისა და ზღვის ქარის დროს ღელავს, რაც მის ფარვატორს ძალიან საშიშს ხდის.
.
ნათელ დღეებში მაღაზიის სახურავიდან კარგად ჩანს 7 ვერსტით დაშორებული თურქული სოფელი ქობულეთი და ძალიან შესამჩნევია 40 ვერსტზე მდებარე ბათუმის ყურე, მეჩხერწლიანობის დროს ხუთი არშინის სიგრძის ფიცარი საკმარისია ხიდის მაგივრობა გასწიოს და დაუკავშიროს ერთმანეთს ორი სახელმწიფო რუსეთი და თურქეთი.
.
ჩემი ნიკოლაევსკში ყოფნისას ვნახე მოხუცი თარჯიმანი, ბელევსკის პოლკის მეთაურთა შემადგენლობიდან, მასთან ერთად შემოვიარე შემოგარენი და მან მანახა ადგილი სადაც იყო პოლკის განლაგება. მოედანი სადაც აშენებული იყო სალაშქრო ეკლესია დიდი ხნის წინ ჩაუტანია მდინარეს, მიწაყრილის საფუძველიც წყალს ჰქონდა წაღებული.
.
ახლანდელი ნიკოლაევსკის ადგილი კი ოდესღაც დასახლებული იყო ცოლიანი სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც შეადგენდნენ სიმაგრის ფორშტატს. სტრატეგიული თვალსაზრისით ნიკოლაევსკს არანაირი შეღავათი არ მოაქვს, მისი გამაგრება შეუძლებელია, ძალისხმევა სრულიად ტყუილად დაიკარგება, რადგანაც ქვიშიდან გაკეთებულ ბორცვს ყოველწელს რეცხავს ნატანები, რომელიც ხშირად იცვლის კალაპოტს. ეს ადგილი ხელსაყრელია სავაჭრო ურთიერთობისათვის და შესაძლებელია გამოყენებული იქნას სადამკვირვებლო პუნქტად. ის ტყითა და ჭაობითაა გარშემორტყმული და გაცილებით უფრო საშიშია ჯანმრთელობისათვის ვიდრე რედუტ კალე. გარნიზონი და მოსახლეობა იტანჯება მუდმივი ციებცხელებისაგან. იქ არსებული სახლები კი ცუდად იცავენ მოსახლეობას უამინდობისა და ზღვიდან მოვარდნილი ძლიერი ქარებისაგან, რადგანაც აშენებულნი არიან ფიცრებით ადგილობრივი წესებით ღუმელებისა და ბუხრების გარეშე, აქ რკინის ურდულებიც კი ფუფუნების საგანს წარმოადგენს, ღამეები ნისლიანი და ნესტიანია. საერთოდ ნიკოლაევსკი არ მომეწონა, ალბად იმიტომ, რომ ამ ადგილზე სამკვირიანი ყოფნა, ორწლიან შავი ზღვის ციებცხელებად დამიჯდა.”
.
ნიკოლოზ დუნკელ-ველინგმა გურიაში სავარაუდოდ იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს, წერილი გამოქვეყნდა 1853 წელს გაზეთ კავკაზში.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა