1905 წლის 5-23 მარტს სულთან კრიმ-გირეიმ გურიის 10 სოფელი შემოიარა და გურულების მოთხოვნებს გაეცნო. თითქმის ყველა რევოლუციამდელი ავტორის მიხედვით რუსების უმთავრესი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ – იყო თუ არა გურულების მოძრაობაში რაიმე სეპარატისტული ელემენტი, ანუ ხომ არ ატარებდა გურიის მოძრაობა ეროვნულ გამათავისუფლებელი მორაობის ნიშნებს. ასეთი ეჭვის საფუძველს რუსეთის მთავრობას აძლევდა გურულების შემდეგი მოთხოვნები:
.
– მშობლიურ ენაზე სწავლა განათლების მიღების შესაძლებელობა;
– სასამართლო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება ქართულ ენაზე;
.
საბჭოთა პერიოდის გამოცემები გურიის მოძრაობის შესახებ აღარ შეიცავს კონკრეტულ მითითებას ზემოხსენებულზე გასაგები მიზეზების გამო, თუმცა თითქმის ყველა მათგანის მიხედვით რუსეთის ხელისუფლება გურიის მოძრაობაში ხედავდა ეროვნულ გამათავსუფლებელი მოძრაობის აშკარა ნიშნებს, რაც შემდეგში პირველი ქართული რესპუბლიკის ფორმირებისას დადასტურდა, რადაგანაც “გურიის რესპუბლიკის” აქტივი წარმოადგენდა 1918-21 წლებში საქართველოს რესპუბლიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას.
.
ევგენი მოროხოვეცის (1926) მიხედვით გურულების მოთხოვნები კრიმ გირეისთან შეხვედრებისას შემდეგი გახლდათ:
.
1) მემამულეების, ეკლესია/მონასტრების მიწების კონფისკაცია და გლეხებისათვის უფასოდ სარგებლობაში გადაცემა;
2) სახაზინო და მემამულეების საკუთრებაში არსებული სანადელო მიწების გლეხებისათვის გადაცემა. სანადელო მიწის გამოსასყიდის სახით გადახდილი თანხის უკლებლივ გლეხებსათვის უკან დაბრუნება;
3) გლეხების მიერ არჩეული კომიტეტების შემოღება და ამ კომიტეტების მიერ მიწის რეფორმის განხორციელება. კომიტეტების არჩევნების ჩატარება საყოველთაობის, თანასწორობის, პირდაპირობის და ფარულობის პრინციპების დაცვით;
4) ყველა სახის არაპირდაპირი გადასახადის გაუქმება და პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება, ამასთანავე უნდა დადგენილიყო მინიმალური შემოსავლის ზღვარი და დაბალი შემოსავლის მქონე გლეხები განთავისუფლებულიყო გადასახადებისაგან;
5) წოდებრივი უთანსწოროების გაუქმება და კანონის წინაშე ყველას თანასწორობა. გადაადგილების თავისუფლება და საპასპორტო რეჟიმის გაუქმება;
6) მოსახლეობის სრული თავისუფლება თვითმმართველობის ორგანიზებაში – სოფლის და საოლქო დონეზე;
7) სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლება; შეკრებების, კავშრების და გაფიცვების თავისუფლება; სინდისის თავისუფლება;
8 ) პიროვნების და საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა;
9) მოსამართლეთა არჩევა და ჩინოვნიკების მხრიდან ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულება;
10 ) მუდმივი არმიის გაუქმება და სახალხო შეიარაღების (მილიციის) შემოღება;
11) ეკლესიის სახლმწიფოსაგან გამოყოფა, ეკლესიის შესანახი ხარჯი უნდა გაეღო იმ ხალხს, საზოგადოებას და კავშირებს ვისაც ასეთი სურვილი ექნებოდათ;
12) საერო სკოლის შემოღება და ეკლესიის ჩამოშორება ახლაგაზრდობის სწავლისა და აღზრდისაგან;
13) 16 წლამდე სავალდებულო და უფასო განათლება ყველასათვის განურჩევლად სქესისა;
14) დაფუძნებელთა კრების მოწვევა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმისმიცემით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ყველას განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა;
15) ყველა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის და გადასახლებულის დაუყოვნებლივი განთავისუფლება;
.
გურული მამაკაცი – მხატვარი ამაიაკ აკოპიანი 1907
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა