,,ხელმწიფის კარის გარიგება” და კალანდა გურიაში

ქართული სამართლის უნიკალურ ძეგლის ,,ხელმწიფის კარის გარიგებასთან” დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილი წერდა – ,,ამ ძეგლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მას საქართველოს როგორც სახელმწიფო წყობილების, ისე კულტურული, ეკონომიკური და ნივთიერი კულტურულის ისტორიის შესასწავლად უაღრესი მნიშვნელობა აქვს.,,
.
ძეგლის პირველ და მეორე პარაგრაფში აღწერილია საახლწლო რიტუალი ხელმწიფის კარზე, ხსენებული აღწერიდან დასტურდება ძეგლში აღწერილი რიტუალის კავშირი გურიაში არსებულ ,,კალანდის,, სადღესასწაულო რიტუალთან, კერძოდ – საღვინეში (მარანში) გაშლილი სუფრით, მოხარშული ტახის თავით და მეკვლეობით (მფერხავ/ფეხადობით).
.
ძეგლის შინაარსის მიხედვით ხელმწიფის საახალწლო ქუდითა და მოსასხამით შემოსვის პატივი მონადირეთუხუცესს ჰქონდა – ,,მას წელიწადის თავს დღეს მეფე არავისგან შეიმოსების ამისგან კიდე, რომე მონადირეთუხუცესი ყვითლით ყაბარჩით შემოსს, სახელმოკლით, ტყავიანითა, მოყვენთუსლითა, არა დია პრტყელად, საყელოსა, – და თავსა კარგისა ყვინდიზისა და და მაღლად აშვერილსა, მჭლოს შეკერულსა ქუდსა დაარქვამს.,,
.
ამის შემდეგ მეფე ჩადიოდა საღვინეში სადაც საახალწლო სუფრა იყო გაშლილი, სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ველური ტახის მოხარშული თავი – ,,საღვინეს წინ ქვე დასმენ მაღლა სკამითა, ტაბლას წინ დაუდგამენ და ველური ტახის თავს, მოხარშულს, წინ დაუდგამენ,,.
.
შემდგომ საახალწლო სუფრას ყველაზე ადრე მკერვალთუხუცესი და ტყის მცველები მიუსხდნებოდნენ, მეხელადენი კი სუფრასთან იდგნენ – ,,ამას წინათ, საღვინეთაკე, იმის კერძს, შორს, ადრე მკერვალთუხუცესი და ტყისმცველნი დასხდებიან. და მეხელადეთუხუცესნი დგანან; აღთვალვენ მათცა და დასხდებიან მასვე ადგილსა, საცა დგებიან. და მონადირეთაცა.,,.
.
მეორე პარაგრაფში უშუალოდ აღწერილია საახალწლო ნადიმის დასაწყისი – ,,მონადირეთ უხუცესი მწვადს მიიხვამს, უკანისღა მიდგების, იკითხავს, ხვალ სიით ჰკვლევენ; უბრძანებს მეფე, სითაც ეპრიანების, ჭიქას უბოძებს და მწვადს შესჭამს და შესვამს ღვინოსა, და მუნვე წავა და დაჯდების თავის ადგილსა,,. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით თავდაპირველად მონადირეთ უხუცესი თავად სინჯავდა (მიიხვამდა) მწვადს და ეკითხებოდა მეფეს ,,ხვალ სიით ჰკვლევენ,, რაც მისი აზრით მეკვლეობასთან იყო დაკავშირებული რადგანაც ახალიწლის მეორე დღე (პირველი რიცხვი) სწორედ მეკვლეობის დღე იყო.
.
ნათელია, რომ გურიამ შემოინახა ახალიწლის საერო დღესასწაულის რიტუალები – სიმღერით, ჩიჩილაკით, ფეხადობით, ღორისთავით და მარანში ახალი წლის შეხვედრით.
.
(კახა ჩავლეშვილი 2013 წელი)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share