ოქონის მონასტერი – მის აშენებასთან დაკავშირებული ლეგენდა, ოქონის ბერისა და ქინქლაძეების ისტორია

იოსებ მეგრელიძემ, რომელმაც 1929 წელს მოინახულა ოქონის მონასტერი წერს – „ოქონა არის ძველი მონასტერი სოფელ აცანაში, ეს არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ჯუმათის მონასტერის აღმოსავლეთით, იმავე ნიგოით-საჯავახოს ქედზე (გურულად: ტოლების მთა), მონასტერს აქვს ძველ-ქართული წარწერები და ქვის გალავანი, რომელსაც შესასვლელი აქვს დასავლეთი მხრიდან, მონასტერში შესვლა შეიძლება ქვის კიბით, რომელიც მიემართება ძნელად ასასვლელი მწვერვალისაკენ. მონასტრის დასავლეთით მიედინება პატარა მდინარე, რომელიც წარმოადგენს მდინარე აცაურის მარჯვენა შენაკადს. მდინარეს აქვს ულმაზესი ჩანჩქერი სახელად ოფიშტია.“ (Лазский и Мегрельский слои в Гурийском)
.
მეგრელიძე აქვე უთითებს ოქონის მონასტრის აშენებასთან დაკავშირებულ ლეგენდას, რომელიც მას 1929 წლის 15 აგვისტოს მოუყვა მოუყვა აცანის მკვიდრმა კესარია გაბრიელის ასულმა ჩხაიძემ – „გურიის ფოლკლორში ოქონასთან დაკავშირებულ ლეგენდებიდან ერთ-ერთის მიხედვით, მონასტრის აშენება განზრახული ჰქონიათ უფრო ქვემოთ აცანის ცენტრში, სადაც ახლა დგას ახალი ეკლესია. ერთმა მდიდარმა კაცმა ეკლესიას ასაშენებლად შესწირა და აცანის მოსახლეობას გადასცა ოქროთი დატვირთული ჯორი. აცანელებმა ჯორი მიიყვანეს იმ ადგილზე სადაც ეკელსიის აშენება ჰქონდათ განზრახული, მაგრამ როცა ადგილზე მისვლისას ჯორიდან ტვირთის ჩამოხსნა დააპირეს, ჯორმა როგორღაც გაცევა მოახერხა და მისი გაჩერებაც ვერავინ შესძლო. გაცეულმა ჯორმა აირბინა იმ მთაზე სადაც ახლა ოქონის მონასტერი დგას. მდევრებმა ძვლივს შესძლეს მთაზე ასვლა, როცა ავიდნენ და ადგილი ნახეს იქვე გადაწყვიტეს მონასტრის აშენება.“ (Лазский и Мегрельский слои в Гурийском);
.
მეგრელიძე აქვე აღნიშნავს, რომ ოქონის მონასტერი ასევე იყო ქუთაისთან ახლოს (დღევანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში), რომელიც ვახუშტის თქმით ადრე ქალაქი ყოფილა და ქართლში გორიდან 47 კილომეტრში სოფელ ოქონაში (დღევანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი), ასევე განმარტავს დასახელება ოქონის მნიშვნელობას – „ოქონის მეგრულ წარმომავალობაზე საუბრობდა ი. ყიფშიძე, რომლის მიხედვითაც ოქონა ნიშნავს ქონის შესანახ ჭურჭელს, ანუ ქართულად საქონეს“. აქვე აღსანიშნავია, რომ აცანა გურიაში თიხის ჭურჭლის წარმოების მნიშვნელოვანი პუქნტი იყო.
.
გრიგოლ იმნაიშვილს 1961 წელს ჩაწერილი აქვს აცანის მცხოვრების ბეგლარ ქინქლაძის მონათხრობი ოქნის ბერთან და აცაანში ქინქლაძეების დასახლების ისტორიასთან დაკავშირებით:
.
„ჩვენი სოფლის ახლოს არის პატარა ფთაი. ამ ფთას ქვია ნაკოხარი. იქინეი ყოფილა ეკლესია. იმ ეკლესიას ქვიებია ოქონი. ოქონის ეკლესიის ახლოს ყოფილა პატარა მონასტერი. ამ მონასტერში ცხოვრობდა ბერი და ემსახურებოდა ოქონის ეკლესიას. ამ ეკლესიასან გამუარუნიეს ორი ბაღნები. აი ბაღნები მიხავდენ სათათრეში გასაყიდათ. ოქონის ეკლესიის ბერმა აი ბაღნები იყიდა და არ გაატანა სათათრეში. ბერს ეკლესიაში ქვაზე დუუწერია: აი და აი საეკლესიო მიწა ეკუთვნის ამ ბაღნეფსო და არკაცი შიეხოსო. ამ ბაღნებმა გეიზარდენ ამ ბერთან და ამ ბერმა დაასახლა ამ საეკლესიო მიწაზე.
.
ბერი რომ მოკტა, მერე ამ მიწის დიდი ნაწილი წაართვა ღვდელმა. მერე, როცხა გამბრავლდა ამ ბაღნების მოდგმა, ღვდელს უჩივლეს. იი ქვაი ენახენ და წიეკითხენ წარწერა. მოსულა კომისია ქუთაისის ოკრუგის სუდიდან. შიამოწმეს აი წარწერა და აი მიწა აკუთნეს იმ ბაღნების მოგვარეეფს. იი ბაღნები ყოფილარიენ ქინქლაძნები. სახელით ქვიებიენ ენუქა და მამულა. ჩვენ ვართ ახლა იმ ბაღნების შთამაულობა. ახლა ვართ ამ სოფელჩი ქინქლაძნები ოზდახუთი მოსახლე. ზოგი წასულია სხოგან.“
.
1849-50 წლების გურიის ეკონომიკის აღწერაში მითითებულია, რომ აცანაში იმართება დიდი ბაზრობა, რომელიც იწყებოდა აღდგომის მეოთხე კვირას და გრძელდებოდა ორი დღის განმავლობაში. 1876 წლის აღწერის მიხედვით აცანაში ცხოვრობდა – 153 კომლი, 1113 მოსახლე; ასევე სოფელში იყო – 1 საშტატო ეკლესია მაცხოვრის სახელობის და 2 მიწერილი ეკლესია: ოქონის (Оконская) და მთავარანგელოზის, სოფლის სკოლა (Сборник сведений о Кавказе 1876 г.);
.
ფოტოები – ka.wikipedia.org
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share