გურული „ბუტლეგერები“ – ზოგი ქალების საკითხზე იყო ფილარათ, ზოგი ოტკის საკითხზე

გურიის მოძრაობის დასაწყის 1902 წელს მიქელ-გაბრიელში შეკრებილმა ხუთასზე მეტმა გურულმა ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს შვიდი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა, მაგალითად ისეთი როგორიცაა – ყველა ფენისა და წოდების ადამიანის გათანაბრება კანონის წინაშე. მოთხოვნებს შორის ასევე გახლდათ აქციზის გადასახადის გაუქმება არაყისა და სპირტის წარმოებაზე. ხსენებული ალბათ საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ იმ დროისათვის გურიაში 300-დე რეგისტრირებული არყის მწარმოებელი იყო რეგისტრირებული და არყის წარმოება გურიის მეურნეობის ერთერთი ძირითადი დარგი გახლდათ და შემოსავალიც დიდი ჰქონდათ. მოკლედ, რომ ვთაქვათ მთელი გურია არაყს ხდიდა და ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში გაჰქონდათ.
.
არაყის ბუმი გურიაში შეაფერხა 1901-1902 წლებში აქციზის გადასახადისა და პატენტის დაწსებამ, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გაზეთი ივერია 1904 წელს წერდა – „იყო გურიაში ერთი შემოსავლიანი წყარო, რომელსაც ბევრნი მისდევდნენ და თავის დროზე კარგა ძალია ფული შემოჰქონდა სოფლებში ეს იყო არაყის გამოხდა ადესის ღვინისა და ჭაჭისაგან”. “არაყზე ბაჟმა მოიმატა, ასე რომ ხშირად არაყის გამომხდელს, თუ მის შრომას ანგარიშში არ ჩავაგდებთ, დანახარჯის ფულის გასასტუმრებელიც აღარ რჩება, ამიტომ დღემდი თუ ასობით და ათასობით ვედრო არაყი გადიოდა გურიიდან ბათუმისკენ, ეხლა ათობითაც აღარ მიდის.“
.
მაღალი გადასახადები და გადახდისგან თავის არიდება ხშირად ფირალად გავარდნის მიზეზიც გამხდარა – “ზოგი ქალების საკითხზე იყო ფილარათ, ზოგი ოტკის საკითხზე, პატენთი ეიღევო, უჩიოდენ ხალხს და პატენთს არ იღებდა ხალხი. მაგალითებ, ღლონტი ამიზა გევიდა ტყეში.” (თომა შარაშენიძე).
.
ზაქარია ჭიჭინაძის მიხედვით გურიაში არყის დასამზადებელი ნედელეული ძირითადი სიმინდი გახლდათ, პირველი დიდი არყის ქარხნები კი მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დვაბზუსა და ოზურგეთში ალექსანდრე თუმანიშვილს გაუმართავს. ზაქარია ჭიჭინაძე (1905 წელი) წერდა – „გურიაში ძველადგან უმეტესად სიმინდის არყის ხდას მისდევდენ. თვითქოს ჭაჭის ხმარება და მის არყის გამოხდა მათ არ სცოდნიათ. ოზურგეთს და დუაბზუს პირველად კარგი არყის დიდი ქარხანა გაუხსნია ალექსანდრე თუმანიშვილს და ამ ქარხნის საშუალებით უფრო საფუძველიანათ მოფენილა გურიაში არყის ხდის ხელოსნობა ხელოვნურად“.
.
სიმინდის არაყს მოსახლეობაც ხდიდა, დაძველებულ სიმინდს ღერღილად დაფქვავდნენ, შემდეგ ბუნებრივი საფუარით გამოსახდელად მოამზადებენენ და ჩვეულებრივ გამოხდინენ. სიმინდიდან არაყი უფრო მეტი გამოდიოდა და უფრო კარგი ხარისხისა იყო ვიდრე ჭაჭის ან ხილისაგან გამოხდილი. სახლის პირობებში კუსტარული ტექნოლოგიის გამოყენებით გლეხები შვიდი კილოგრამი სიმინდიდან ერთი ლიტრ არაყს ღებულობდნენ. მოკლედ, რომ ვთქვათ გურული სიმინდის არაყის ტექნოლოგია დაახლოებით იგევე გახლდათ როგორიც ამერიკული „ბურბონისა“, რომლის მასალის 50%-ზე მეტი სიმინდისაგან მზადდება.
.
არაყსა და სპირტს გურიაში სიმინდის გარდა ასევე ხდიდნენ ადესის ღვინისა და ჭაჭისაგან, ადესის ღვინო დიდ ხანს არ ინახებოდა და მისი არაყის სახით რეალიზაცია უფრო სარფიანი გახხლდათ – „ღვინის შენახვა არ იცოდენ, ვხთიდით არაყს. ჩავასხამდით სპილენძის ქვაბეფში. არაყი იყიდებოდა ქალაქეფში. ღვინოც ქე მიქონდენ, მარა თრევათ არ ღირდა.“ (მთისპირი – მთხრობელი სიმონ თალაკვაზე)
.
გაზეთ ივერიაში (1897 წელი #164) გამოქვეყნებულია ინფორმაცია ლიხაურში ედიშერ სალუქვაძის ქარხანის შესახებ – „ლეხაური: გურიაში დიდი ხანია, რაც აქაური ვენახები ამოვარდა. იმათ მაგიერ ახლა, იზაბელას ვენახების გაშენებას მიჰყვეს ხელი და მრავლადაც გააშენეს. ამ ვენახების ღვინოს ადესის ღვინოს ეძახიან, მაგრამ ღირსებით დიდი არაფერი ღვინოა. იანვრამდე კიდევ ვარგობს და მერე ფუჭდება, ისე, რომ ხშირად გადაღვრიან ხოლმე. ფუთი ოზურგეთში ათ შაურად ისყიდება. სოფელში ხომ ათ შაურათ ორ ფუთსაც იყიდით. ამ გარემოებაში სწორედ ღვთის წყალობაა დაარსება არყის ქარხნისა სოფელ ლეხაურში ბ-ნ ედიშერ სალუქვაძის მიერ, რომელიც კარგ ფასად ჰყიდულობს ჭაჭა-თხლეს, ღვინოს და ყურძენს და ხდის არაყს.
.
წყარო
– Очерки революционного движения в Гурии – Варл. Каландадзе и Вл. Мхеидзе. (1906 г.)
– ზაქარია ჭიჭინაძე – ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა (1905 წელი)
– გაზეთი ივერია 1897 წელი #164
– გაზეთი ივერია 1904 წელი #92
– ფოტო ჯულიეტა რუხაძის წიგნიდან – არყის სახდელი გურიაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share