როგორ გამოეხმაურა “ივერია” ოზურგეთში ვეფხის-ტყაოსანის გამოცემას

ოზურგეთში ცნობილი მესტამბის კოწია თავრთქილაძის (ოზურგეთში სტამბა გახსნა 1886 წელს, შემდეგში სტამბები გახსნა ბათუმში, სენაკში და თბილისში) იბეჭდებოდა წიგნები, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად იყიდებოდა.
.
“ივერია” წერდა, რომ 1891 წელს ოზურგეთში კოწია თავართქილაძისა და ალფესი მიქელაიშვილის წიგნის მაღაზიას გამოუცია ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობა „ზადიგი ანუ ბედისწერა“, რომლის ქართული თარგმანი შეუსრულებია სომხური წარმომავლობის ქართველი მწერალსა და მთარგმნელს არტემ ახნაზაროვს. იმავე 1891 წელს ოზურგეთში გამოიცა ვეფხის-ტყაოსანი, რომლის გამოცემასაც შემდეგი სახით გამოეხმაურა გაზეთი “ივერია”:
.
“ოზურგეთში გამოუციათ უკვდავ რუსთაველის, უკვდავი პოემა “ვეფხის-ტყაოსანი”, იმ ქალაქში რომელიც შოთა რუსთველის დროს სოფელთა შორისაც-კი არ იყო გამეტიჩრებული. ნუ თუ ეს პაწია ნაპერწკალი დიდის ჭიაკოკონას მომასწავებელი არ არის, ნუ თუ ამ პაწაწკინტელა წყარუკანას ზედვე არ აჩნევია, რომ თანდა-თან ნაპირებს, კალაპოტს გადაჰლახავს და დაუძლეველ ზღვად გარდაიქმნება;
.
ნუთუ ეს ოზურგეთიდან წარმოვლენილი პაწია წინასწარმეტყველი იმის მახარებელი და ხმა-მაღლა მღაღადებელი არ არის, რომ ოდესმე ჩვენც გვეღირსება აღდგომა და ჩვენც ვიდღესასწაულებთ ჩვენს სიკეთეს, ჩვენს გაადამიანებას, მთავარს ადგილს დავიჭერთ ცხოველთა შორის და გონება სძლევს უგნურებას, სიბნელეს სინათლე.
.
ამ ავკარგის ბრძოლაში სწორედ ის გაიმარჯვებს, რაც უფრო ადამიანობის იერსა და ფერს დასდებს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილს ორ-ფერს სულდგმულს?!
.
მე-კი ასე მგონია, რომ გვეღირსება, და ღემერთმა ჰქმნას, რომ ჩემს პირს შაქარი იყოს!”
ავტორი – “დუშიკო” (დიმიტრი ფალავანდიშვილი)
.
გაზეთი ივერია – 1891 წელი 18 აპრილი #85
.
კონსტანტინე (კოწია) თავართქილაძის ბათუმის სტამბაში 1899 წელს გამოცემული ვეფხის-ტყაოსანის გვერდები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share