ქუცურ-ბეგის მკვლელობა
.
1907 წლის 5 ოქტომბერს, ოზურგეთი ჩოხატაურის გზაზე სოფელ ბერეჟოულში მდინარე გუბაზოულთან მისვლამდე რამდენიმე შეიარაღებული პირი თავს დაესხა დილიჟანს, რომელსაც სტრაჟნიკების ბადრაგი აცილებდა. დილიჟანს ოზურგეთიდან ჩოხატაურში სტრაჟნიკების ხელფასი მიჰქონდა. თავდამსხმელებმა შეტაკებისას მოკლეს სამი ინგუში სტრაჟნიკი, დანარჩენები კი გაიქცნენ. თავდამსხმელებს დილიჟანსში არსებული ფული არ წაუღიათ, წაიღეს მხოლოდ მოკლული სტრაჟნიკების იარაღი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ თავდასხმის მოტივი შურისძიება იყო.
როგორც ცნობილია გურიაში რუსებს 1905-1906 წლების მოვლენების შემდეგ შემოყვანილი ჰყავდათ ინგუშებით დაკომპლექტებული საპოლიციო ნაწილები, აქედან გამომდინარე გურულებსა და ინგუშებს შორის ხშირი იყო შეიარაღებული დაპირისპირება. ბერეჟოულთან გურულების მოკლული სამი სტრაჟნიკიდან ერთერთი გახლდათ თავისი სისატიკით ცნობილი ურიადნიკი ქუცურ-ბეგი, რომელსაც გურულები „კუცურას“ ეძახდნენ. ეს ფაქტი თავის მხრივ თავდამსხმელების მხრიდან შურისძიების მოტივს კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდიდა.
როდესაც სროლა დამთავრდა ადგილზე იქვე მცხოვრები მოსახლეობა მივიდა, სოფლის მამასახლისმა დილიჟანს და მოკლულებს ადგილობრივი მოსახლეობიდან ორი კაცი დარაჯად დაუყენა, თავად კი ჩოხატაურში ბოქაულთან ამბის მისატანად წავიდა. ჩოხატაურიდან ბერეჟოულისკენ წამოსულმა ინგუშების რაზმმა მთელი გზა სროლით გამოიარა, სტრაჟნიკები შურისძების მიზნით ყველა შემხვედრს ესროდნენ, რა დროსაც დაჭრეს გზად მიმავალი გიორგაძე. ადგილზე მისულებმა კი შურისძების მიზნით მოკლეს დარაჯად დაყენებული ლევან დოლიძე და მძიმედ დაჭრეს მეფარიშვილი, ასევე შურისძიების ნიადაგზე უკან დაბრუნებულებმა ჩოხატაურში მძიმედ დაჭრეს ბერძენიშვილი.
კუცურას და მისი ორი სტრაჟნიკის მკვლელობა სოფელ ჯვარცხმის და ბასილეთის მაცხოვრებლებს დაბრალდათ, ამ სოფლების მოსახლეობასთან შესახვედრად ოზურგეთის მაზრის უფროსი ჩავიდა, რომელმაც სოფელს მკვლელების გაცემა მოსთხოვა და აცნობა, რომ უნდა აერჩიათ 10 დელეგატი ოზურგეთში რუსების ჯარის უფროსთან შესახვედრად. გაზეთ „ჩვენი საქმე“-ს ინფორმაციის მიხედვით მოსახლეობამ დელეგატებს რუსების სამხედრო ნაწილის უფროსთან შემდეგი სიტყვა დააბარა: „ჩვენ არ ვიცით ვინ მოკლა ისინი, ის კი ვიცით, რომ ქუცურ-ბეგს ყავდა პირადი მტრები. ვისაც შეხვდებოდა ის გზაში თუ ბაზარში უმოწყალოთ სცემდა, ქრთამებს ართმევდა და სადაც შევიდოდა სახლში ყველაფერს ამტვრევდა, მიქონდა რისი წაღებაც შეიძლებოდა და სხ. შეიძლება ამდენი მტერიდან ვინმე გამოვიდა და მოკლაო.“
.
გაზეთი – „ჩვენი საქმე“ 1907 წელი #28;#30;#34;#35;
მხავარი – ვახტანგ დუგლაძე “მტრის მოლოდინში” (ოზურგეთის მუზეუმი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა