სახალხო გმირი ბუღარა მამალაძე ლეგენდად არის ქცეული. ის XIX საუკუნის პირველ ნახევარში გურულების დამცველი და თურქების დაუძინებელი მტერი იყო, განსაკუთრებით კი ტყვეებით მოვაჭრეებისა. ბუღარა მამალაძე თურმე ტანად არც თუ ისე მაღალი ყოფილა, მაგრამ გოლიათურად ღონიერი ყოფილა. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებდა: ,,ბებიაჩემი ღონიერზე იტყოდა: ბუღარა ხომ არ არისო? მას საოცარი მჭექარე ხმა ჰქონია”. გადმოცემის მიხედვით, როცა ბუღარა დასჭყივლებდა მისი ყიჟინა ახლო-მახლო სოფლებს სწვდებოდა, თუ სადმე ორსული ქალი იყო, აუცილებლად მუცელი მოეშლებოდაო. ამიტომ მას ხშირად აფრთხლილებდნენ, ამა და ამ ადგილას ფეხმძიმე ქალი არისო.
ეს კი მის შესახებ შექმნილი პოემის ბოლო სტროფებია:
კუდიგორიდან გამოჩნდა კაკო,
მარაბდის მთებს კი გასცდა არსენა,
ზემო გურიამ ბუღარა აქო,
ქვემომ -სისონა ტკბილად ახსენა.
ბუღარას შემდეგ სხვებს უბუღია,
ნასაკირალზე ქროდა დათიკო ,
ვისაც ხალხისთვის კარგი უქნია,
მასზე ამბობენ ,,ვაჟკაცი იყო”. (სისონა დარჩია, დათიკო შევარდნაძე )
ვინმე ი. ჩნტლაძის გადმოცემით, გურიის 1841 წლის ჯანყის დროს ბაბუამისი ბუღარას მეთაურობით იბრძოდა ჩოხატაურში, ,, ძლიერ ხნოვანი იყო სულკურთხეული, მარა მაშვინ მაინც ძაან იჯამაგაო”. ამასვე ადასტურებს ონჭიქეთელი ილარიონ ჯინჭარაძე. აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილს კი ყმაწვილობაში გაუგონია ჯანყის მომსწრე ერთი ფარცხმელი გლეხისაგან, რომ ,,ბუღარა ჯანყში თაობდაო”. მისი ფოტო არ არსებობს, ამიტომ ძეგლის ფოტოს ვდებ.
ირაკლი მახარაძე